აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს მეხუთე არაბული ქვეყანაა, რომელიც ბლინკენმა ბოლო დღეებში მოინახულა და მისი მიზანი „ჰამასსა“ და ისრაელის კონფლიქტის რეგიონის სხვა ქვეყნებში გაფართოების პრევენციაა. ბლინკენს სურს არაბულმა ქვეყნებმა დაგმონ „ჰამასის“ ქმედებები და თავშეკავება გამოიჩინონ ისრაელის პასუხთან დაკავშირებით.
თუმცა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ისინი ღაზაში დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.
საუდის არაბეთის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში ჩავა, სადაც ადგილობრივ მთავრობასთან ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასა და უსაფრთხო ზონების დაწესებაზე იმსჯელებს.