ავტორი თაკო კვარაცხელია
ისრაელში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია და სიტუაცია ყოველწამიერად იცვლება... ამ დრომდე ეძებენ რამდენიმე ქართველ ებრაელს და მათ შესახებ ჯერჯერობით არანაირი ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება. „რეპორტიორი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ისრაელში საქართველოს ელჩთან, ლაშა ჟვანიასთან.
- ბატონო ლაშა, პირველ რიგში გვაინტერესებს, რა მდგომარეობაა ამ წუთებში ისრაელში? რამდენიმე სიტყვით რომ მოუყვეთ ჩვენს მკითხველს, თუ ვრცელდება რაიმე ახალი ინფორმაცია...
- ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. სამხრეთის ქალაქები - აშკელონი, აშდოდი, ბეერშევა საჰაერო იერიშების სამიზნეა. ისრაელის საჰაერო თავდაცვა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. იმ ქალაქების მცხოვრებლებს, სადაც შესაძლოა საჰაერო განგაში გამოცხადდეს, ელემენტარული წესების შესრულების ვალდებულება აქვთ დაკისრებული და ამ წესების დაცვის შემთხვევაში, რეალურად შეუძლიათ უსაფრთხოდ იყვნენ.
- ეთნიკურად ქართველი გოგონას, თამარ გოლდბერგის ბედი აინტერესებს ახლა სრულიად საქართველოს. რაიმე სიახლე ხომ არაა მასთან დაკავშირებით?
- თამარ გოლდბერგთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ გვაქვს რაიმე სიახლე, ისევე როგორც არ გვაქვს ინფორმაცია ძალიან ბევრზე... თამარი გარდაცვლილთა სიაში არ ფიქსირდება, მისი გვარი არც გატაცებულთა სიაშია. ჯერჯერობით დადასტურებულ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, დაზუსტებით რომ შევძლოთ იმის თქმა, რომ ის გატაცებულია.
- ის, რომ თამარის სახელი და გვარი გარდაცვლილთა სიაში არ ფიქსირდება, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ალბათ...
- ვერ გეტყვით ვერაფერს... ჯერ კიდევ არ არის 300-ზე მეტი ადამიანი იდენტიფიცირებული, ასე რომ, კონკრეტულად ლაპარაკი გამიჭირდება. ახლა ჩემგან ამ საკითხზე დაბეჯითებით რაიმეს თქმა უპასუხისმგებლობა იქნება.
- ბატონო ლაშა, საელჩოს გამართულად მუშაობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გარკვეული შენიშვნები გაჟღერდა. ამბობდნენ, რომ ცხელი ხაზი დღის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთამდე მუშაობდა, ასევე, პრეტენზიები გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საელჩოსთან დაკავშირებას მხოლოდ ისრაელში ლეგალურად მყოფი ადამიანები ახერხებდნენ და პრობლემები ჰქონდათ არალეგალებს... იქნებ გაგვარკვიოთ, რა პრობლემები შეექმნა საელჩოს ეფექტურად მუშაობასთან დაკავშირებით?
- მოდით, პასუხის გაცემას ბოლოდან დავიწყებ. საქართველოს სახელმწიფოსთვის არ არსებობს ლეგალური და არალეგალური. საქართველოს მოქალაქე არის საქართველოს მოქალაქე! როგორ წარმოგიდგენიათ, თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, სადაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მობილური აპლიკაცია, თუკი რეკავ და არავინ პასუხობს ტელეფონს (რადგან ყველა თანამშრომელი დაკავებულია), ხომ რჩება სმს-ის გამოგზავნის საშუალება?! მიადევნეთ თვალი ჩემს ერთ-ერთ პოსტს სოცქსელში, სადაც გვწერს ერთ-ერთი მოქალაქე, არ მპასუხობთო. ჩვენ ვწერთ, დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები და თავად დაგირეკავთ-თქო, გვპასუხობს - არ მინდა, მადლობა! ასეთ ადამიანებს თუ დიდ დროს დავუთმობთ, ნაკლები დრო დაგვრჩება დანარჩენი 20 000 ადამიანისთვის. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას და როგორ ვაკეთებთ, ერთი წუთითაც არ ვჩერდებით და 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. გუშინ ღამის სამ და ხუთ საათებზე განხორციელდა სატელეფონო ზარები ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელთან და მან ამ ზარებსაც უპასუხა. ამას გარდა, როგორ წარმოგიდგენიათ, საელჩოს ოთხი დიპლომატი საქართველოს 20 000 მოქალაქეს ერთდროულად, ერთ დღეში მოემსახუროს, ეს ხომ ფიზიკურადაა შეუძლებელი! ჩვენ ვცდილობთ, ყველა მოქალაქეს ვესაუბროთ, იმდენი ხანიც კი, რამდენი ხანიც მის დასამშვიდებლადაა საჭირო, მაგრამ, ამავე მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად ხომ ისევ სატელეფონო ზარები გვაქვს განსახორციელებელი?!
- სხვა ქვეყნების საელჩოების მაგალითზე რისი თქმა შეგვიძლია, იყო თუ არა მათი მისამართითაც გაჟღერებული პრეტენზიები, მათივე მოქალაქეების მხრიდან?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვერცერთი ქვეყნის საელჩომ ვერ მოახერხა ჩვენსავით სწრაფ დროში დაენიშნა რეისები. „ჯორჯიან ეარვეისისგან“ ახლაც ველოდები დამატებითი რეისის დანიშვნას და შეგვიძლია ქრონომეტრაჟი ჩავრთოთ, თუ რამდენ ხანში მიიღებს საქართველოს საელჩო ტრანსპორტის სამინისტროსგან ფრენის განხორციელების ნებართვას და იგივე ქრონომეტრაჟი ჩავურთოთ სხვა ქვეყნების საელჩოებსაც. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უამრავი მომართვა დასაბრუნებელ საბუთთან დაკავშირებით და მას ჩვენ დაახლოებით 20-25 წუთში გავცემთ. ეს არის დროებითი საბუთი, რომლითაც ადამიანს მგზავრობა შეუძლია, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე აბსოლუტურად უსაბუთოა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ მათი იდენტიფიკაცია, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათი მონაცემები უტყუარია, რათა ამ ადამიანებს ფრენის საშუალება მიეცეთ. ამ ყველაფერს ხომ დრო სჭირდება? იდენტიფიცირება, მუშაობა, ამობეჭდვა... დანარჩენზე რა გითხრათ, აბა, ენას ძვალი არ აქვს, რამდენიც უნდათ ილაპარაკონ, საერთოდ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას.
- როგორც ვიცით, ქართველები, რიგითი მოქალაქეებიც ჩართულები არიან პროცესში, ისინი გვერდში უდგანან ერთმანეთსაც და საელჩოსაც, რათა სამუშაო პროცესები შეუფერხებლად წარიმართოს...
- ქართველებს, გაჭირვების დროს საოცარი სოციალური პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე კოორდინაციაში გვეხმარება. არიან მოქალაქეები, რომლებიც გვერდში გვიდგანან, აქ ცხოვრობენ, პატარა ბავშვები ჰყავთ, მაგრამ ენერგიას არ იშურებენ იმისთვის, რომ ახლობლებისგან შეაგროვონ ინფორმაცია და ერთად თავმოყრილი, მობილიზებულად გადმოგვიგზავნონ, რაც დროის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს. დიდი მადლობა ამ ადამიანებს ამისთვის!
(სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერის ამ მონაკვეთში განგაშის სიგნალი ჩაირთო და ინტერვიუს გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ბატონმა ელჩმა გვთხოვა, რომ დაგვეცადა და ინტერვიუც დაახლოებით 30-წამიანი იძულებითი პაუზის შემდეგ განვაგრძეთ)
- ხომ არ შეგეშინდათ?
- არ დაგიმალავთ, ბატონო ლაშა, გული ამიჩქარდა... წარმოუდგენელია ასეთ პირობებში ცხოვრება! გამძლეობას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს და სრულიად ისრაელს... ძალიან დიდ დროს თუ არ გართმევთ, კიდევ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ...
- დიდი მადლობა, გისმენთ...
- ინტერვიუს მიმდინარეობისას „ჯორჯიან ეარვეისი’ ახსენეთ... შეიძლება კერძო ავიაკომპანიის შესახებ შეკითხვას თქვენ არ უნდა გისვამდეთ, თუმცა, მაინც ვიკითხავ... ქართული ავიაკომპანიის მიერ განხორციელებულ ფრენებს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა. იმის მაგივრად, რომ მადლობა გვეთქვა მართლაც გმირი პილოტებისა და ბორტგამცილებლებისათვის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს ჩვენი მოქალაქეები ცხელი წერტილიდან, მათ ტალახი ვესროლეთ. იყო ბრალდებები, რომ კომპანიის მესვეურებმა ისრაელის მდგომარეობის ხარჯზე მოინდომეს გამდიდრება და ბილეთების ფასები ხელოვნურად გაზარდეს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
- არ მაინტერესებს, კერძო კომპანიაა თუ არა, დღეს ვხედავთ, რომ ეს ავიაკომპანია ეროვნულ საქმეს აკეთებს. „ჯორჯიან ეარვეისზე“ აუგს ვინც ამბობს, თვითონ რით ეხმარება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილ თანამემამულეებს?! ავიაკომპანიამ ამ მოვლენის ხარჯზე გამდიდრება დააპირაო, რა ლაპარაკია, ელემენტარული არითმეტიკაა, თუ რა ჯდება თითოეული რეისი. ავიაციაში არსებობს ე.წ. „ემფთი ლეგ“, როდესაც ბორტი ერთი მიმართულებით ცარიელი მიფრინავს და მხოლოდ უკანა გზაზე იტვირთება. ცარიელი რეისიც ხომ ხარჯია, საიდანღაც ხომ უნდა ანაზღაურდეს ეს თანხა?! რა ქნას კომპანიამ, უფასო და წამგებიანი რეისები დანიშნოს და მერე დავსხდეთ და ერთად ვუყუროთ, როგორ გაკოტრდება იგი? ეს კომპანია ისედაც რამდენჯერ იდგა გაკოტრების საფრთხის წინაშე? რას ვთხოვთ ერთ, კერძო, პატარა ქართულ ავიაკომპანიას, რომელიც, ჭირია თუ ლხინია, სტიქიაა, ომია თუ პანდემია, ყოველთვის ხალხის გვერდით დგას?!
- მოდით აქვე დავაზუსტოთ, ბატონო ლაშა, რატომ არ დანიშნა სახელმწიფომ უფასო ჩარტერული რეისები, რათა თანამემამულეებს საომარი ვითარებიდან გამოსვლაში დახმარებოდა?
- ევაკუაცია ისრაელში არ განხორციელებულა. ევროპის სახელმწიფოებმა შვიდ რიცხვშივე შეწყვიტეს ფრენები და იმის მერე არ განუხორციელებიათ. რვა რიცხვიდან, როცა ბენ გურიონის აეროპორტში ფრენები განახლდა, „ჯორჯიან ეარვეისმა“ დღემდე ათი რეისი განახორციელა. იმ სახელმწიფოებს კი, რომელთა კომერციულმა ავიაკომპანიებმა რეისების განხორციელება შეწყვიტეს, უკვე ვალდებულება დაედოთ, რომ განახორციელონ რამდენიმე რეისი. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში პოლონეთის 600 000 მოქალაქე იმყოფება, პოლონეთმა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სულ ოთხი რეისი განახორციელა, გერმანიის 300 000 მოქალაქე ცხოვრობს ისრაელში და გერმანიიდანაც მხოლოდ ოთხი ავიარეისი განხორციელდა. კანადა და აშშ, რომელთა ავიაკომპანიებსაც შეწყვეტილი ჰქონდათ კომერციული რეისები, იძულებულები გახდნენ, განახორციელონ ფრენები და ამას დაარქვეს სპეცრეისები, მათი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. დღეს ვინც აქ, ისრაელში მუშაობს, ეკონომიკურად არავის უჭირს. თუკი ასეთი ადამიანი მაინც არსებობს, ჩვენ გამოცხადებულ გაქვს, რომ მათ შეუძლიათ მოგვმართონ, დაადასტურონ, რომ ნამდვილად უჭირთ ფინანსურად და ასეთი თითო-ოროლა შემთხვევა სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება.
- ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ელჩო, ასეთ რთულ ვითარებაში დრო რომ გამონახეთ ჩვენთვის და ჩვენი მკითხველისთვის. მშვიდობას გისურვებთ!