აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს შეიარაღების პარტია გადასცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ თემაზე ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ბრიფინგზე ესაუბრა. მან რამდენიმე სატელიტური ფოტო წარადგინა, რომლებიც იარაღის გადაცემის ფაქტს ადასტურებს.
კირბის თქმით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა შეიარაღება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის ერთ-ერთ პორტში ჩაიტანა, საიდანაც შეიარაღება რკინიგზით რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრისკენ გადაიტანეს. ვაშინგტონის მონაცემებით ეს 7 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საუბარია ათასზე მეტ კონტეინერზე იარაღითა და საბრძოლო მასალით. კირბის განცხადებით, აშშ გმობს რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემას, რომელიც უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის გამოიყენება.
დაახლოებით ერთი თვის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. დასავლეთში ვარაუდობდნენ, რომ ვიზიტი რუსეთისთვის იარაღის გადაცემას უკავშირდებოდა.