"უკვე ნამდვილად თვალნათლივ ჩანს, რომ ევროპული სახელმწიფოები რეალურად ხედავენ და აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველომ მიაღწია ევროკავშირისკენ სავალ გზაზე," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამ კუთხით ძალიან ნიშანდობლივი იყო ვიქტორ ორბანის საქართველოში სტუმრობა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ყველაზე უფრო მეტად, მკაფიოდ, ცალსახად გამოხატა საქართველოს მიმართ ურყევი თანადგომა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ეს სასიხარულო გზავნილი არ მოსწონს, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მიზანი არ არის, საქართველომ წელს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არა მარტო უნგრეთის მხარდაჭერა, არა მარტო ბულგარეთის პარლამენტის მიერ გამოხატული მკაფიო მხარდაჭერა, არამედ პრინციპში ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს ყველა ლიდერის, ევროსაბჭოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოთქმული მხარდაჭერა იმედს გვაძლევს, რომ გადაწყვეტილება წლის ბოლოს მიღებული იქნება საქართველოს სასარგებლოდ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.