"მისასალმებელია ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, რომ ეს მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების გზით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ერთობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით აღდგება აღდგება.
„პირველ რიგში, მინდა, უკრაინას ვუსურვო, რომ იყოს წარმატებული, მშვიდობიანი და ერთიანი სახელმწიფო. ამას ვუსურვებ მთელი სულით და გულით. არც ერთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არ უნდა იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ, საქართველო, არ ვუკავშირებთ გარკვეულ სამხედრო მოქმედებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აქედან გამომდინარე, მისი სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, რომ ეს აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების გზით. ჩვენ საქმე გვაქვს კავკასიასთან, იმ ხალხთან, რომელიც ისტორიულად ცხოვრობს საქართველოში ქართველებთან ერთად. ომით არ აღდგება, ომით იშლება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით აღდგება ეს ერთობა საქართველოში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს „ისტორიულ გზაგასაყარს უწოდებს“. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობით ახალი პერსპექტივები გაჩნდება. უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ განცხადებაში შეეხო საქართველოსაც და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.