გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი პალესტინა-ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჰამასმა „მძევლად აიყვანა ღაზას მთელი მოსახლეობა“, სადაც ისრაელი ფართომასშტაბიანი სახმელეთო სამხედრო ოპერაციას გეგმავს.
„ჰამასი“ უდანაშაულო ადამიანების უკან დგას და მათ ფარად იყენებს ღაზაში. მათი გვირაბები, იარაღის საცავი და სამეთაურო ცენტრები განლაგებულია საცხოვრებელ კორპუსებში, სუპერმარკეტებში და უნივერსიტეტებში. შესაძლოა, საავადმყოფოებშიც კი", - თქვა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, გერმანიაში პროპალესტინური დემონსტრაციები აკრძალეს.
7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.