logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა, ხოლო ღაზის სექტორში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან
- +

14 ოქტომბერი. 2023. 23:17

 

 

საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის შემოსული და არც ერთი დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს – ამის შესახებ პირველ არხს ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

 

მისივე თქმით, დღეს და მომდევნო დღეებში დაგეგმილია ავიარეისები თელ ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.

 

„დღეს, შაბათ საღამოს სრულდება ორი ფრენა თელ ავივიდან თბილისის მიმართულებით. კვირას გვექნება სამი ფრენა, ორი „ჯორჯიან ეარვეისის“ და ერთი „ელალის“ მეშვეობით. მომდევნო დღეებში ასევე „ჯორჯიან ეარვეისი“ და „ელალი“ განახორციელებენ ფრენებს, მათ შორის ბათუმშიც. ამ დროისთვის, ჩემი მონაცემებით, ამ ტერორისტული აქტის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 1 400-ს აჭარბებს. სამწუხაროდ, ჯერ ყველა იდენტიფიცირებული არ არის და ყველას შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ასევე, 36 ქვეყნის მოქალაქეა დაშავებული და დაღუპული ამ საშინელი ტერორიზმის შედეგად“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

მისივე თქმით, ღაზაში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, თუმცა ამ დროისთვის არა სახმელეთო.

 

„ქვეყნის ჩრდილოეთი დღეს იყო საჰაერო თავდასხმის ქვეშ, თუმცა პრევენცია მაშინვე განხორციელდა. რაც შეეხება ქალაქების ევაკუაციას, ამ დრომდე ევაკუაციაზე საუბარი არ არის. თუ გადაწყვეტილება შეიცვლება, გვეცოდინება ოფიციალური არხების მეშვეობით და მოხდება გავრცელება. დღეს ევაკუაციის საშიშროება არ დგას, ამ გადაწყვეტილების წინაპირობები ჯერ არ არის. როგორც ვიცი, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან ევაკუაცია ხორციელდება სამხრეთ ნაწილში და ეს ისრაელის ტერიტორიას არ ეხება“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

 

მისივე თქმით, ღაზის სექტორში საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 

„ღაზის სექტორში ჩვენ არ გვყავს საქართველოს მოქალაქე, რის გამოც ჩართულები არ ვართ პროცესში, თუმცა სხვა ბევრი ქვეყნის მოქალაქე არის იქ და დღეს დერეფანი იყო გახსნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა დაეტოვებინათ ღაზა ეგვიპტის საზღვრის მეშვეობით. თუმცა, ეს მითითება გაუქმდა, ვინაიდან ისრაელმა ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხო გამოსვლა სასაზღვრო პუნქტიდან და თავიანთ ლოკაციებზე დააბრუნეს. დერეფანი უახლოეს საათებში ისევ გაიზსნება. მდგომარეობა დაძაბულია და არ არის მარტივი, მაგრამ უფრო ლოკალური ხდება, ვიდრე ეს იყო საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში. დღეს, დილის საათებში თელ-ავივის, ბათიამის, ხულონის თავზეც იყო საჰაერო განგაში და მას შემდეგ აღარ ყოფილა. ქალაქი აშკელონი, აშდითი, ბერშევა და მის გარშემო არსებული დასახლებები კვლავ განგაშის ქვეშ არიან მთელი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner