გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭაში რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ყურძნის გადამმუშავებელ კომპანიაში „მეღვინეობა ბარაკონი" იმყოფებოდა. საწარმომ, რომელიც სოფელ ბოსტანაში მდებარეობს, ადგილობრივი მევენახეებისგან 50 ტონა ყურძენი უკვე შეისყიდა და გადაამუშავა.
„ულამაზეს კუთხეში, რაჭაში, რთველი აქტიურ ფაზაშია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. მეწარმე, რომელიც არანაკლებ 7 ლარს გადაიხდის, სახელმწიფოსგან 4 ლარის სუბსიდიას მიიღებს. ჩვენ მხარდაჭერის ეს მოდელი შარშან შევიმუშავეთ. მოდელმა გაამართლა და კარგად იმუშავა. ყურძნის ჩაბარების პროცესში სახელმწიფო საწარმოს ჩართულობა, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდა, კერძო სექტორმა მთლიანად ჩაიბარა ყურძენი; წელსაც იგივე ვითარებაა - აქტიურობს კერძო სექტორი და ყურძენს იბარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მევენახეები იღებენ კარგ შემოსავალს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის შეფასებით, რთველის პროცესი წელსაც ორგანიზებულად მიმდინარეობს; პროცესში 20-მდე საწარმოა ჩართული. დღეის მდგომარეობით, უკვე 1100 ტონა ყურძენია ჩაბარებული და გადამუშავებული.
„მეღვინეობა ბარაკონში" საწარმოს მფლობელის კახა გორდეზიანის განცხადებით, წელს რაჭაში მოსავალი დიდი არაა, თუმცა, ხარისხი გასულ წელთან შედარებით, უკეთესია. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება კი, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.