სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების შესახებ სამეცნიერო კონფერენციაზე „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ პრეზენტაცია წარადგინა.
ქვეყანაში მცენარეთა გენეტიკური რესურსების არსებული მდგომარეობის მიმოხილვის პარალელურად, ყურადღება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს დაეთმო, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენა, ამპელოგრაფიული და ენოლოგიური მახასიათებლების კვლევა, ეროვნულ კატალოგში განთავსება, სელექციური საქმიანობა, ჯანსაღი საბაზისო სარგავი მასალის მიღება, სერტიფიცირება, ვაზის მავნებელ-დაავადებათა იდენტიფიცირება და ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდების შემუშავება, ვაზის ჯიშების მოლეკულურ-გენეტიკური დნმ კვლევა უცხოელ კოლეგებთან ერთად და სხვა.
ლევან უჯმაჯურიძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო აღდგენილი ქართული ვაზის ის იშვიათი ჯიშები, რომლის მოძიება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ამჟამად საკოლექციო ნარგაობაშია დაცული და ექვემდებარება რეგიონებში გავრცელებას.
„ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, ვაზთან ერთად, უმნიშვნელოვანესია იმ უძველესი კულტურების, გენეტიკური რესურსების ცოცხალ კოლექციებსა და გენბანკებში დაცვა, რომლის წარმოშობის კერადაც საქართველო ითვლება. ქართული მევენახეობა-მეღვინეობა, რომელიც რამდენიმე ათასწლოვან უწყვეტ ისტორიას ითვლის, ჯიშურ მრავალფეროვნებასა და ხარისხობრივ მახასიათებლებს უნდა დაეფუძნოს. მის შენარჩუნებას, განმტკიცებას და ცნობადობის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სწორედ ქართული ვაზის და ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
კონფერენციის ფარგლებში, სტუმრები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ, ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექცია დაათვალიერეს, მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და ვაზის იშვიათი ჯიშებისაგან დაყენებული ღვინის ნიმუშები დააგემოვნეს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაწესებული „ღვინის დღეების“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 11 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მეცნიერები, მკვლევარები და ექსპერტები იღებდნენ.