logo_geo
eng_logo
ნათია გოცაძე: სამყარო ბუმერანგია - პოზიტიურ ენერგიას თუ ვაჩუქებთ, პოზიტიურ ენერგიასვე დაგვიბრუნებს
- +

15 ოქტომბერი. 2023. 18:24

 

 

რა არის ბედნიერება, როგორ უნდა ვიპოვოთ ის, როგორ უნდა შევძლოთ პანიკური შეტევების, სტრესის, ომებისა და ტერორიზმის ეპოქაში თავი მშვიდად ვიგრძნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგი საზოგადოდ, დიალოგი საკუთარ თავთან, გარშემომყოფებთან და სამყაროსთან... ამ ყველაფერზე პასუხის გაცემას ჩვენს დღევანდელ სტუმართან, კომუნიკაციის სპეციალისტთან, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ დამფუძნებელთან და რექტორთან, ნათია გოცაძესთან ერთად შევეცდებით...

 

- მინდა, ჩვენი საუბარი ბედნიერების არსზე საუბრით დავიწყოთ... XXI საუკუნეში, დაჩქარებული ტემპის, სტრესის, ომების, ტერორიზმის სამყაროში, ადამიანებს შეიძლება ზოგჯერ გაგვეპაროს ბედნიერების წამი, ყოფით ამბებში ჩართულებს დაგვავიწყდეს იმ მომენტით ტკბობა, როდესაც თავი ბედნიერად უნდა გვეგრძნო... ქალბატონო ნათია, იქნებ არსებობს ბედნიერების, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოხელთების ფორმულა და გვითხრათ, რაში მდგომარეობს ის?

 

- გეთანხმებით, ადამიანები იმდენად ჩავერთეთ ყოველდღიურ რუტინაში, რომ ხშირად საკუთარ თავთან საუბარი და კითხვის დასმა გვავიწყდება, თუ რა გვინდა სინამდვილეში, რა გვაბედნიერებს და არის კი ის, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი ბედნიერების წყარო... ერთია, რომ გვავიწყდება საკუთარ თავთან კომუნიკაცია და მეორე, რომ გავურბივართ მას. ასეთ დროს, მთლიანად ვხდებით დამოკიდებულნი გარემოზე, გარშემო მყოფ ადამინებზე, სიტუაციაზე, სოციალურ ფონზე, ამინდზეც კი, და ვკარგავთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ შეგრძნებებს. უკანასკნელ პერიოდში, გარემო არც თუ ისე ხშირად გვანებივრებს პოზიტიური მოვლენებით და სწორედ ეს განაპირობებს იმ შფოთვებსა და შიშებს, რომლითაც შეპყრობილია ადამიანთა უმრავლესობა. რა უნდა გავაკეთოთ ამის გამოსასწორებლად? უნდა განვმარტოვდეთ საკუთარ თავთან, დავხუჭოთ თვალები და მოვუსმინოთ საკუთარ ფიქრებს. ძალიან ხშირად ადამიანები ვაკეთებთ არა იმას, რაც გვინდა, რომ ვაკეთოთ, არამედ იმას, რაც უნდა ვაკეთოთ და ეს ძალიან ცუდია! რა არის ბედნიერება? ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა, რომელსაც ვერავინ შეგვიქმნის, ის, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნით, თავადვე უნდა ვაჩუქოთ ჩვენს თავს. როცა გავიგებთ, რა გვანიჭებს სიამოვნებას, მერე ადვილი გახდება ბედნიერების პოვნაც. დღის გარკვეულ მონაკვეთში აუცილებლად უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვახარებს, თუნდაც ამ გახარების მიზეზი ისეთ პატარა, უმნიშვნელო დეტალში იყოს, როგორიც არის აივანზე ყავის დალევა, დილით მუსიკის მოსმენა, მეგობართან ერთად ფილმის ყურება თუ უბრალოდ, სივრცეში ცქერა და მისით ტკბობა. ბედნიერება წვრილმანებშია...

 

- სოციალური ქსელების გავლენაზეც მინდა გკითხოთ. ჩვენ, ქალები, სოცქსელებში ვხედავთ სხვა ქალებს, რომლებიც ძალიან ლამაზები და წარმატებულები არიან, ლამაზ ადგილებში მოგზაურობენ, ასევე წარმატებული მეორე ნახევრები ჰყავთ და შორიდან აღიქმება, რომ მათ ბედნიერებისთვის არაფერი აკლიათ... ხომ არ თრგუნავს სხვისი ასე ლამაზად შეფუთული ცხოვრება დანარჩენების ფსიქიკას და რას გვირჩევთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ინსტაგრამისა თუ ტიკ-ტოკის „იდეალური“ ინფლუენსერებისა თუ ე.წ. სელებრითების გავლენას?

 

- პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ, თუ რას ნიშნავს ბედნიერება და რას ნიშნავს წარმატება. წარმატებულად მივიჩნევთ ადამიანს, რომელიც სოციუმის მიერ გამოგონილ გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. წარმატებულად ვთვლით ადამიანს, რომელიც პირობითად ლამაზია, ცნობადია, მაღალი შემოსავალი და მდგრადი სოციალური სტატუსი აქვს. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი ქალი, შეიძლება, სულაც არ იყოს ბედნიერი. ხშირად წარმატებას აღვიქვამთ იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებად, რაც დაგვიწესა საზოგადოებამ, არადა, ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა, შეიძლება, ვიღაცისთვის დამანგრეველიც კი აღმოჩნდეს. ადამიანი, რომელიც კარგავს საკუთარ თავს და აკეთებს იმას, რასაც მისგან სხვები ელიან, ერთ დღეს აუცილებლად აღმოაჩენს, რომ იმ სოციუმის მსხვერპლია, რომლის გავლენის ქვეშაც მოექცა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: აუცილებელია, მოვუსმინოთ საკუთარ თავს და გავიგოთ, თუ რა არის ის მიზანი, რისკენაც ვისწრაფვით. სხვისი წარმატება არ შეიძლება იყოს ჩვენი სამიზნე ნიშნული, რადგან ამ წარმატებისთვის ამ ადამიანმა თავისი გზა განვლო, ჩვენ კი ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი. იმისათვის, რომ არ მოვექცეთ სოციალური ქსელებისა და საზოგადოების გავლენის ქვეშ, უნდა ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან, უნდა გავიგოთ, ვინ ვართ, რა გვსურს, რისი კეთება გვსიამოვნებს და რა არის ჩვენი მიზანი. ერთი მხრივ - შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ კი, ჩვენ ნამდვილად გვინდა, ვიყოთ უფრო ლამაზები, უფრო ცნობადები, უფრო მაღალი ხელფასითა და გავლენიანი სოციალური სტატუსით, ან მივხვდეთ, რომ ეს ყოველივე სულაც არ გვჭირდება, ჩვენი გარეგნობა ძალიანაც გვაკმაყოფილებს, ვართ კარგი დედები, ბედნიერი ცოლები, მოგვწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და, თურმე, სხვა არც არაფერი გვჭირდება ბედნიერებისთვის.

 

- პირად ურთიერთობებზეც მინდა გკითხოთ... სტრესულ გარემოში, როცა ქალიცა და მამაკაციც ბევრს ვშრომობთ, ვწვალობთ და ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის, ხშირად აღარ გვრჩება რესურსი, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ სითბო გამოვხატოთ. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ყოველდღიურმა რუტინამ ჩვენი ურთიერთობა არ დაცალოს პოზიტიური შეგრძნებებისგან, რათა ერთ დღეს არ აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ ან ჩვენი პარტნიორები ვიქეცით ტოქსიკურ ადამიანებად?

 

- პირველ რიგში, მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სიყვარული არ შეიძლება იყოს ტანჯვის მომტანი. ადამიანი, რომელიც ჩვენს გვერდითაა,  მასთან თავს უნდა ვგრძნობდეთ თავისუფლად და მშვიდად. პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ, პარტნიორი ნამდვილად გვიყვარს თუ მასთან ურთიერთობა მხოლოდ ვალდებულება და „საზოგადოების დაკვეთაა“. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს წარსულით ან მომავლით და ავიწყდება ცხოვრება აქ და ახლა. რას ნიშნავს წარსულით ცხოვრება? თუკი შენ გიპყრობს ბრაზი ან სინანული, ეს იმის ნიშანია, რომ ვერ ივიწყებთ წარსულს. ჩვენ ხომ არ ვინანებთ და ვერ გავბრაზდებით იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა, თუკი ეს ემოციები ჭარბობს ჩვენში, ეს ნიშნავს, რომ ვერ ვივიწყებ იმას, რაც უკვე მოხდა და ვცხოვრობთ წარსულში. მეორე მაგალითია, როცა ადამიანს ეუფლება შიში, სტრესი და შფოთვა, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი ცხოვრობს მომავლით და მას აშფოთებს, სტრესავს და აშინებს ის, რაც ჰგონია, რომ აწი მოხდება, ანუ, მას აშინებს არდამდგარი რეალობა, მის წარმოსახვაში არსებული სცენარი. როცა ურთიერთობაში ჩნდება შიში ღალატის, გულისტკენისა თუ დაშორების, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ცხოვრობენ მომავლით და განზე რჩებათ აწმყო... ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია სიმშვიდის განცდა და თუკი გამუდმებით ვიფიქრებთ წარსულზე, ის აუცილებლად გვიბიძგებს, გვეშინოდეს მომავლის და დავკარგავთ აწმყოს. თუკი წარსულში გული იმდენად გვატკინეს, რომ ამ ყველაფრის პატიება აღარ შეგვიძლია, მაშინ არ არის აუცილებელი, მსხვერპლად შევეწიროთ ამ ურთიერთობას და დროა, გავუშვათ ის... სიყვარული, ეს საკუთარი თავის მიძღვნაა, როცა გსიამოვნებს სხვა ადამიანისთვის საკუთარი ცხოვრების ჩუქება, მაგრამ თუ ამას შენი ნებით და გადაწყვეტილებით კი არ აკეთებ, არამედ იძულებული ხარ, გააკეთო, ეს ნიშნავს, რომ შენ ტოქსიკური ურთიერთობის მსხვერპლი ხარ და ამ ყველაფერს თავი უნდა დააღწიო. 

 

- ქალბატონო ნათია, თქვენ კომუნიკაციების სპეციალისტი ხართ და მინდა ამ თემასაც შევეხოთ. ინტერვიუს დასაწყისში თქვენ ისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან დიალოგი ბედნიერი პირადი და ოჯახური ცხოვრების დასალაგებლად, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციის გაზიარება, პარტნიორთანაც გულწრფელი დიალოგი და მისთვის იმის თქმა, თუ რამ გაგვახარა ან რამ დაგვწყვიტა გული?

 

- ბედნიერების ამოსავალი წერტილია კომუნიკაცია... კომუნიკაცია საკუთარ თავთან, საკუთარ პარტნიორთან, ოჯახის წევრებთან, საზოგადოებასთან და საერთოდ სამყაროსთან. იმისთვის, რომ სხვასთან დიალოგი იყოს გულწრფელი, ამისთვის, პირველ რიგში, გულწრფელი უნდა ვიყოთ საკუთარ თავთან. დღეს ადამიანების ნაწილს უჭირთ ემოციის გაზიარება, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ის არ არის დარწმუნებული, სათქმელს სწორად გაუგებენ, ამიტომ ინიღბება, კარგავს ავთენტურობას და ხდება ის, ვინც არაა სინამდვილეში. ამის შემდეგი ეტაპია საკუთარი თავის შეცოდება და მსხვერპლის სინდრომით შეპყრობა. ასეთ დროს ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება მას არ ეკუთვნის და საკუთარ ცხოვრებაში მთავარ როლს ის არ ასრულებს. როცა ადამიანი იწყებს საკუთარი თავის მოტყუებას, რომ ყველაფერი კარგადა, ან პირიქით, იცოდებს საკუთარ თავს, ამით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ამიტომ, აუცილებელია ვიყოთ გულწრფელები ყველასთან. ეს არის ამოსავალი წერტილი ურთიერთობის, რომელმაც უნდა გაგვაბედნიეროს.

 

- და ბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ პოზიტიური აზროვნების შესახებ. მითია თუ რეალობა ის, რომ უნდა ვიფიქროთ კარგ რამეზე, რათა კარგი რამე მართლაც მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში?

 

- ჩვენი ფიქრები და ჩვენი აზროვნება მართლაც ჰქმნის ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი ცხოვრება არის ის, რასაც ვფიქრობთ. მიუხედავად იმ ნეგატივისა, რაც ჩვენს გარშემო ხდება, აუცილებელია, ვიპოვოთ ის პოზიტივიც, რაც ჩვენს გარემოს ალამაზებს. ასეთი პოზიტივი კი ნებისმიერის ცხოვრებაში ნამდვილად ბევრია. ადამიანი საკუთარი აზროვნების პროდუქტია და ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის ხდება ის, რისი მოლოდინიც გვაქვს. ჩვენი ცხოვრება ჩვენი მოლოდინების პასუხია, ამიტომ იფიქრეთ და განაწყვეთ საკუთარი თავი დადებითად, რომ დადებითი მოვლენები მოხდეს. სამყარო ბუმერანგია -  პოზიტიურ ენერგიას თუ ვაჩუქებთ, პოზიტიურ ენერგიასვე დაგვიბრუნებს!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner