„ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა შედეგი, არამედ პოზიციის დაფიქსირება.
„როგორც პროფესიული წრეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის ნათელია რეალურად არსებული მდგომარეობა და ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, შესაბამისად, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. სამწუხაროა, არავისთვის სასიამოვნო არ არის ამ პროცესში მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ მოგვიწია ასეთი პროცედურების წამოწყება იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია, რეაგირების გარეშე დარჩენილიყო კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი. აქვე უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორც არ უნდა დასრულდეს საბოლოო ჯამში ეს პროცედურები, ვგულისხმობ პოლიტიკურ ნაწილს, როცა კენჭისყრა გაიმართება, ვფიქრობ, აქ საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო ინიცირება და დადასტურება გარემოებისა, რაც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევას, რაც შეეხება რეზულტატს, ეს არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საკუთრივ პოზიციის დაფიქსირება“, - განაცხადა სარჯველაძემ.