ჟურნალისტი ზაზა დავითაია გაზეთ „ასავალ-დასავალში" გოგა ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიაზე" წერს და ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს:
„ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ეკრანზე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კადრს აჩვენებენ. აქ არაფერია გამოგონილი, აქ არაფერია გაზვიადებული. რასაც გოგა ხაინდრავას ფილმში ვხედავთ, ყველაფერი ზუსტად იმგვარად და ზოგ შემთხვევაში უარესადაც მომხდარა. წამით თვალს ვხუჭავ და როგორც დეჟა ვიუ, ჩემს ცნობიერებაში რეალური ეპიზოდი ცოცხლდება:
2011 წლის იანვარია. გათავისუფლებამდე კიდევ ორი თვეა... ციხის ტაქსოფონით „ასავალ-დასავალის" აწ გარდაცვლილი ჟურნალისტის თეა ასათიანის ნომერს ვკრეფ, რათა ტრადიციულად რამდენიმე პატიმრის გაჭირვების შესახებ ვუამბო. თეა უჩვეულოდ აღელვებულია. სასიხარულო ამბავს მატყობინებს - ზაზა, ჩვენმა რედაქტორმა ლაშა ნადარეიშვილმა შემოგითვალა, რომ გათავისუფლებისთანავე „ასავალ-დასავალის" კორესპონდენტის სტატუსით ისარგებლებ და თვითონ დაწერ პატიმართა ხვედრზე! აი, მესმის სიკეთე... მე ხომ არსად მქონდა წასასვლელი! იმ დღეს მე კიდევ ერთხელ დავიბადე. მეორედ კი დავიბადე, როცა უკვე გათავისუფლებულმა, უშუალოდ ლაშა ნადარეიშვილის დავალებით, „ასავალ-დასავალში" ახალი რუბრიკის „ცხელი ხაზის" დაარსების შესახებ ვამცნე საზოგადოებას, რომელშიც პატიმრების თავსგადახდენილი ისტორიები, მათი წამების შესახებ ობიექტური ინფორმაცია და იმ ჯალათების ვინაობა უნდა ასახულიყო, რომლებიც მსხვერპლთა ტანჯვით ნეტარებას განიცდიდნენ.
ამასობაში ჩემი გონება ისევ ეკრანზე ასახულ ეპიზოდს უბრუნდება - მთავარი პერსონაჟი, 21 წლის უდანაშაულოდ დაპატიმრებული სტუდენტი ლუკა ათანელი, რომელსაც ციხის ჯალათებმა ეს-ესაა, გონების დაკარგვამდე სცემეს, მორგში გარდაცვლილ პატიმრებს შორის საკაცის სახელურზე ბორკილით მიბმული მოდის გონს და სასოწარკვეთილი, არაადამიანური ხმით ღრიალებს! ჰმ, არ მიკვირს... მსგავსი ხმა, რომელიც ნაწამებ პატიმარს ეკუთვნოდა, რეალურად არაერთხელ გამიგონია! წითელი ტუშით მოხატული კი არა, რეალურად დასისხლიანებული პატიმარიც არაერთხელ მინახავს!" - წერს ზაზა დავითაია.