„საქართველოს პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავი ამ რეალობის წინაშე დაიყენა.
„დღევანდელი რეალობა ერთი მხრივ სამწუხაროა, რადგან: საქართველოს პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო; განუდგა იმ საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია და ამით მიიღო ის რეალობა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ის, საქართველოს პრეზიდენტი, ცნობილია კონსტიტუციის დამრღვევად. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაიდენს სავარაუდო დანაშაულს, სასამართლო კი მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს, შესაძლოა პარლამენტმა არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პარლამენტის წევრი არ იქნება დამნაშავედ ცნობილი. ამიტომ, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი დღეს ასეთი ალტერნატივის წინაშე დგას“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.