"პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ (ICMPD) მხარდაჭერით, დაასრულა მუშაობა თემატურ მოკვლევაზე - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა დიასპორის ჩართულობის სისტემის განსაზღვრა, რათა მოხდეს დიასპორული კაპიტალის უფრო მძლავრად გამოყენება საქართველოს განვითარებისათვის.
„ასევე, დოკუმენტის შემქმნის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია დიასპორის შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.
კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, მოკვლევის ფარგლებში შემუშავდა ზოგადი და კონკრეტული ხასიათის რეკომენდაციები, რომლებიც დიასპორული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს მიეწოდებათ შესასრულებლად.
რეკომენდაციები შეეხება დიასპორასთან ურთიერთობის ე.წ. „ირლანდიურ მოდელზე“ გადასვლას, დიასპორასთან ურთიერთობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და დიასპორული დიპლომატიის განვითარებას.
ქმედითი რეკომენდაციები გულისხმობს დიასპორასთან ურთიერთობის ხელშეწყობისთვის, კომუნიკაციისა და ქსელური პლატფორმების გაძლიერებას, მიზნობრივი და ინდივიდუალური სამოქმედო დიასპორული გზამკვლევების შექმნას, „დიასპორული კულტურის“ ფორმირებასა და დიასპორული პროექტების განხორციელებაში სახელმწიფო და კერძო ფონდების ჩართულობას.
„წარმოვადგინეთ მნიშვნელოვანი მოკვლევა, რომელიც ძალიან საინტერესო გახდება ფართო საზოგადოებისათვის. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ სწორად შეხედოს აღნიშნულ გამოწვევას. მიიღოს ის არა მხოლოდ გამოწვევად, არამედ შესაძლებლობად და უპირატესობად. სრულიად იდეალური ქვეყანა ამ მიმართულებით არ არსებობს. თუ იქნება მეტი მოქნილობა, მეტი მოწოდება, რომ ამ ადამიანებს შევუქმნათ სწორი ნიადაგი, პლატფორმები, ხედვა, ჩვენ მოვახერხებთ ამ ხალხის დაბრუნებას და მათი შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს განვითარებისათვის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, თემატური მოკვლევა მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტის მარტინ რასელის ჩართულობით განხორციელდა. კომიტეტი თემატური მოკვლევის პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა დარგობრივ უწყებებთან, მათ შორის: საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან. თემატურ მოკვლევაში კომიტეტს მხარს უჭერდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. კომიტეტის წევრებმა თემატური მოკვლევის შედეგები და რეკომენდაციები მოიწონეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.