საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესში შესატანი ცვლილების პროექტებს აქვეყნებს.
„ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში არსებულ მონაცემთა ბაზას. ის უნდა მოიცავდეს მომხმარებელთა შესახებ ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას, რომლის უზრუნველსაყოფად ბოლო წლებში პერიოდულად ხდებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის დაზუსტება.
მიმდინარე ეტაპზე, ცვლილების პროექტების შემუშავება არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განხორციელდა, რომელიც სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობითაა განპირობებული. კერძოდ, მნიშნელოვანია, დაზუსტდეს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან“ გამომდინარე სებ-ის წერილობითი მითითების შეუსრულებლობაზე (მათ შორის, განმეორებით და მრავალჯერადად შეუსრულებლობის შემთხვევაში) ფულადი ჯარიმების დაკისრების მიმართულებით.
ცვლილების პროექტები ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია | სესხის გამცემი სუბიექტები)
ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს მოსაზრებები და კომენტარები 2023 წლის 16 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე - CIBS@nbg.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.