თუ რა გავლენას ახდენს იმპიჩმენტის პროცედურა ქვეყნის საგარეო იმიჯზე, ამაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა და განაცხადა, რომ არჩევანი ყოველთვის კანონის უზენაესობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.
„როდესაც ქვეყანაში ხდება იმპიჩმენტი, ეს არის სერიოზული დარღვევა და კარგი არ არის ქვეყნის რეპუტაციისთვის. მაგრამ, როდესაც სასწორზე დგას ან იმპიჩმენტი განვახორციელოთ, ან დავიცვათ კანონის უზენაესობა, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ კანონის უზენაესობის მხარეს, იმიტომ, რომ კანონის უზენაესობაა ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ევროკავშირი, ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა და მისი სამართლებრივი სივრცე. ამის დარღვევა არ შეიძლება არაფრით. ანუ, ეს ნაბიჯია სწორედ ევროპული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე არ მგონია ვინმე, ვინც სერიოზულად განიხილავს ევროპულ მომავალს, მე არ ვგულისხმობ ცალკეულ ანგაჟირებულ ევროპარლამენტარს, მოსყიდულ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს, წინააღმდეგი იყოს ამის“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან აშშ-ს ისტორიაც მიმოიხილა და განმარტა, რომ იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის თანმდევი პროცესია.
„თუ გავიხსენებთ ამერიკის ისტორიას, იმპიჩმენტის საკითხი იქ რამდენიმეჯერ დასმულა. ეს დემოკრატიის თანმდევი პროცესია. ვერ გეტყვით, რომ ძალიან კარგია დემოკრატიული განვითარებისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს, დემოკრატიული სისტემა ფუნქციონირებს და დემოკრატია იძლევა დარღვევაზე მსგავსი პასუხის გაცემის შესაძლებლობას. პირიქით, ვგულისხმობ, რომ როდესაც მოხდა კონსტიტუციის დარღვევა, მას მოჰყვა პასუხი და სწორედაც იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება გვაძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად შევაბიჯოთ ევროკავშირში“, - თქვა ეკა სეფაშვილმა.