logo_geo
eng_logo
სურსათის მსოფლიო დღე ზუგდიდში აღინიშნა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 10:21

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, საქართველოს პარლამენტის ჩართულობით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით,  ქ. ზუგდიდში სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნა.

 

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  პირველი მოადგილე  ნინო თანდილაშვილი დაესწრო. 

 

„სურსათის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად,  სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად აღვნიშნავთ. ჩვენ ყველას კარგად გვესმის წლევანდელი გზავნილის მნიშვნელობა. წყალი არის რესურსი, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ წყალს და კარგად გავიაზროთ ამ რესურსის დაცვის აუცილებლობა“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ გაეროს ინიციატივით, სურსათის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, 150 ქვეყანაში აღინიშნება. მიმდინარე წელს, მსოფლიო საზოგადოებამ ამ დღის აღნიშვნა მთავარი გზავნილით „წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“ აირჩია და ისეთი სასიცოცხლო რესურსის დასაცავად გაერთიანდა  როგორც  მტკნარი  წყალია.   

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარებისთვის წყლის რესურსების  სწორი მართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების,  ევროკავშირის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„სურსათის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას, გავიხსენოთ, რომ სურსათი არ უნდა ვაწარმოოთ ისე, რომ ზიანი მივაყენოთ ბუნებას, წყალს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, წყლის რესურსები ნელ-ნელა მცირდება. წყალი არ არის ამოუწურავი რესურსი; ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ბუნებას. სწორედ ეს არის ამ დღის ერთ-ერთი მიზანი“, - განაცხადა  FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.

 

„დღევანდელი დღის  ძირითადი მესიჯი არის  სუფთა წყლის და წყლის რესურსების მნიშვნელობა. ამ დღეს საქართველოს პარლამენტი და კანონმდებლები ვხვდებით წყლის რესურსების მართვის ახალი კანონით, რომელიც უკვე მიღებულია“, - აღნიშნა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

 

სურსათის მსოფლიო დღის აღნიშვნის ღონისძიების ფარგლებში, დადიანების სასახლის ბაღში მოეწყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა,  ხორბლის ჯიშების გამოფენა; ამავე ტერიტორიაზე განთავსდა საინფორმაციო კუთხეები სურსათის უვნებლობის, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის შესახებ. გაიმართა დაჯილდოება ნომინაციაში „სურსათის გმირი“, მოეწყო სახალისო საინფორმაციო აქტივობები ბავშვებისთვის და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით .

 

მსოფლიო სურსათის დღე ქ.ზუგდიდში ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით აღინიშნა.

 

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად,  ქვეყნების მთავრობები, სამოქალაქო სექტორი, ბიზნეს-სექტორი, მედია და  მოსახლეობა, სურსათის მსოფლიო დღის ფარგლებში,  სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გზავნილების გარშემო  ერთიანდებიან.

 

„წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“ - ამ გზავნილით, წელს FAO-მ საზოგადოების ყურადღება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსზე გაამახვილა. მტკნარი წყალი ამოწურვადი რესურსია.  მის მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, რადგან 2050 წლისათვის, პლანეტაზე მოსახლეობის ზრდასთან ერთად,  წყლის მოხმარება, გლობალურად, შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს. პროდუქტების შეძენისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, ნაკლები წყლის ხარჯვა,  წყალდიდობებისა და დაბინძურების პრევენცია ის ზომებია, რითაც შესაძლებელია,  წყლის დაზოგვაში  ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეს აქტივობები მნიშვნელოვანია უკეთესი წარმოების, უკეთესი კვების, უკეთესი გარემოს და უკეთესი ცხოვრების მისაღწევად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner