„მეუფე შიო, მოგესალმებით, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, ქალბატონ ელჩს, ამერიკის ელჩს მივესალმები და ისრაელის ელჩს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ვეტერანებს მივესალმები განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით. ბატონო კობა, მოგესალმებით. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე - ვეტერანის დღე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან მისი მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანია, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას.
„ჩვენს სამხედროებს მივესალმები და მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვეტერანის სტატუსი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან, სტატუსი, ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური სტატუსი, არამედ ეს არის სტატუსი, რომლის მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი არის სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანი, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, მე ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. კიდევ ერთხელ, მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს, ყველა ვეტერანს, ვინც გაიღო სისხლი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც იცავდა, ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. იცით, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების ღვაწლი, სამსახური, მათ მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი, მე ასე ვიტყოდი. ჩვენ ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადავუწყვიტეთ მათ, რამდენიმე შემიძლია გავიხსენო და ჩამოვთვალო: იცით, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ვეტერანებისთვის არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის თუნდაც მინიმალური პაკეტიც კი. ჩვენ დღეს შეიძლება ამაყად ვთქვათ, რომ სახელმწიფო , მთავრობა 125 მილიონ ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული მთავრობის მიერ. ამას გარდა, რა თქმა უნდა, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციაზე, დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება სხვადასხვა სერვისებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, იცით, რომ ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს ყოველთვიური 1000 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ. მე არ ვამბობს, რომ ეს არის დიდი დახმარება, ეს არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომ მათ მიეცეთ ყოველთვიური დანამატი, კომპენსაცია. მე არ მინდა ჩამოვთვალო და ეს ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამით მთავრობა კი არ ამაყობს, მე ამით ხაზგასმა მინდა გავაკეთო იმის, რომ ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა, რომ მაქსიმუმი გავუკეთოთ ჩვენს ვეტერანებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.