logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: წამოსცდებათ თუ არა, რომ კოალიცია შედგა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს გვაძლევს საშუალებას, იმ უტიფრობაზე ვილაპარაკოთ, რომ ისინი „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ, ვითომ „შუაშისტურ“ აზრებს ავითარებენ ხოლმე, ამ დროს, მათთან ერთად არიან
- +

17 ოქტომბერი. 2023. 15:05

 

 

„ხაჯიშვილმა რა თქვა ახალი? ამ შემთხვევაში, თქვა სიმართლე, რომელიც უჩვეულოა „ნაცმოძრაობისგან“, უბრალოდ, იმდენად მარტივი ამბავი და შემდგარი ფაქტია, ამის სხვანაირად თქმა რანაირად უნდა შეძლო არ ვიცი“, -  ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით ხაჯიშვილის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ გახარიას პარტიამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შექმნა.

 

მდინარაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციაში არიან იმ საკრებულოებში, სადაც რაოდენობრივი რესურსი ეყოთ, ყველასთვის ნათელია, ხაჯიშვილის განცხადება კი, ფაქტის კიდევ ერთხელ დადასტურებაა.

 

„იგივე ვიდეო ვნახე მოჭრილი, ლილუაშვილი ეკამათება [ხაჯიშვილს], რა ვალდებულებები ავიღეთო. რა ვალდებულება, რის ვალდებულება, როგორ უტიფრად ცდილობენ სიტუაციიდან გამოძვრნენ, როცა შემდგარი ფაქტი აგერ, ხელის გულზე დევს, რომ კოალიცია აქვთ. პარლამენტში რომ შეკრან ახლა კოალიცია და მერე ერთმანეთს ეჩხუბონ, კოალიცია შეიძლება გვაქვს მაგრამ მითხარი, რა ვალდებულება გვაქვსო? - რა შუაშია ვალდებულება, კოალიცია აქვთ და არიან ერთნი. ამ დროს, რაღაც „ნაც-ქოცური“ ასეთი მესიჯებით გამოირჩევიან ხოლმე, სასაცილო მდგომარეობაში არიან. მერე ვიღაცას რაღაც წამოსცდება კოალიციიდან ეთერში, შემდეგ მეორე ეუბნება რა ვალდებულებები გვაქვს და აი ასეთ პრიმიტივიზმამდე დასულ სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს.

 

წამოსცდებათ თუ არ წამოსცდებათ, რომ კოალიცია შედგა, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წამოცდენა არის უბრალოდ ფაქტის დადასტურება ვერბალურად, სიტყვით, თორემ მათ კოალიცია უკვე აქვთ. გავიდა წელზე მეტი, რაც მათ კოალიცია შეკრეს იმ საკრებულოებში, სადაც ამისი საშუალება ჰქონდათ. სადაც არ ჰქონდათ შესაბამისი წარმომადგენლობა რაოდენობრივი თვალსაზრისით, ბუნებრივია, კოალიციას ვერ შეკრავდნენ, მაგრამ სადაც ეს შეძლეს, ყველგან გააკეთეს. ახლა, წამოცდენა იქნება თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, ეს ფაქტის კიდევ ერთხელ დადასტურებაა და გვაძლევს საშუალებას, იმ უტიფრობაზე ვილაპარაკოთ, რომ ამის მიუხედავად, ისინი საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ, ვითომ „შუაშისტურ“ აზრებს ავითარებენ ხოლმე, ამ დროს მათთან ერთად არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner