„უკრაინის ცნობილი რეფორმატორი პოპულიზმის ხიბლში ვარდება", - ამ სათაურით აქვეყნებს „Foreign Policy" ვლადისლავ დევიდსონის სტატიას.
სტატიაში ავტორი 27 აგვისტოს 8-9 წლის გოგონას ცხედრის პოვნასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ ბრუტალურ კრიმინალურ მოვლენებზე პროვოკაციული რეაგირებისას მიხეილ სააკაშვილი თავის ბნელ მხარეს ავლენს.
სტატიის მიხედვით, 27 აგვისტოს, ოდესის რეგიონში პატარა გოგონას ცხედარის პოვნის შემდეგ სასტიკი მოვლენები განვითარდა.
„პოლიციისადმი მიცემული ჩვენებით, მკვლელობამდე გოგონა გააუპატიურეს. ერთი დღის შემდეგ 21 წლის ბოშა კაცი ეთნიკური რუსებით და ბულგარელებით დასახლებული სოფელ ლოშჩინივკადან (აქაც ბოშების პატარა თემი ცხოვრობდა) დააკავეს და ერთ საზარელ დანაშაულზე დააკისრეს პასუხისმგებლობა. ამის საპასუხოდ, ახალგაზრდების კრიმინალური დაჯგუფება ანტიბოშური განწყობით თავს დაესხა ადგილობრივებს. იყო ქვების სროლა, ფანჯრების მსხვრევა, სახლების გადაწვა და ქონების განადგურება. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რადგან ბოშები უკვე ტერიტორიიდან იყვნენ გასული. თუმცა ამ ეპიზოდის ამსახველი ვიდეოს საფუძველზე ბევრი უკრაინელი დამკვირვებელი ეთნიკური შუღლით მოტივირებულ სისტასტიკეზე აპელირებდა. ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა მოითხოვეს ბოშების დაახლოებით ექვსი ოჯახის (50 სულის) სამუდამო გაძევება, სოფლის საბჭომ ავტობუსები გამოჰყო მათ გასაყვანად. სასტიკი მოვლენების დასრულებისთანავე ოდესის რეგიონის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფები და გასამხედროებული კონტინგენტი განათავსა სოფელში, მისივე პოლიციის უფროსის პირადი განკარგულებით. თუმცა, გუბერნატორის რეაქციის მეორე ელემენტმა უფრო მეტად ჩააგდო საგონებელში ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და გოგონას დაკრძალვის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში სააკაშვილმა ისეთი რამ განაცხადა საჯაროდ, რაც ასეთ დაძაბულ პერიოდში აფეთქებას უფრო ჰგავდა - „სრულად ვიზიარებ ლოშჩინივკას მოსახლეობის აღშფოთებას",- თქვა გუბერნატორმა და დასძინა, რომ სოფელში „სრული განუკითხაობა იყო, ამორალური ბუნაგი და მასობრივი ნარკოვაჭრობა ყვაოდა. ბოშები ანტისოციალური ელემენტები იყვნენ და ეს პრობლემა ადრევე საფუძვლიანად უნდა აღმოგვეფხვრა. ახლა კი უბრალოდ ვალდებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, დაახლოებით ერთი წლის წინ სააკაშვილის ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშვნას დიდი სიხარულით შეხვდნენ და იმედიც გაჩნდა, რომ საქართველოში ადრე წარმატებით განხორციელებული რეფორმები აქ ჰპოვებდა გაგრძელებას. გუბერნატორს ხშირად თანამედროვე, პროგრესულ და ჰიპურ პიროვნებადაც კი მიიჩნევენ. 2015 წლის მაისში პოსტსაბჭოურ სამყაროში დაბრუნებამდე „ნიუ იორკ ტაიმსმა" მისი საოცარი სტატია-პორტრეტი გამოაქვეყნა და ის ბრუკლინიდან გამოსულ მეამბოხედ დაახასიათა. მას ყველგან მიიჩნევენ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ჯვაროსნად, რომელიც ცდილობს უკრაინის ევრომაიდანის რევოლუციას ქვეყნის სამხრეთში სასურველი შედეგი მოატანინოს. თუმცა, ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების კედელთან შეჯახებისას შედეგები სხვადასხვაგვარია.
„მიმდინარე წლის გაზაფხულზე ქვეყნის რეგიონების მოვლასა და რეფორმებისთვის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოლოდონში (რაც არ მომხდარა) დროისა და პოლიტიკური კაპიტალის ფუჭად დახარჯვის შემდეგ, სააკაშვილი მთელი მისი ენერგიის კონცენტრაციას ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შექმნაზე ახდენს. მისი პროექტები გულისხმობს რუმინეთამდე ახალი გზატკეცილის დაგებას და ადგილობრივი აეროპორტის მეორე ტერმინალის დიდი ხნის ნანატრი მშენებლობის დასრულებას. თუმცა რეგიონში გასული კვირის ტრაგიკულ მოვლენებზე სააკაშვილის უხეშმა და საშიშმა პასუხმა მისი ხასიათის განსხვავებული მხარე დაგვანახა. დელიკატურ მომენტში ასეთი პროვოკაციული რიტორიკა დასავლელ რეფორმატორს არ შეშვენის. არც სააკაშვილის მთავრობის ოფიციალური პირების კომენტარები იყო ნაკლები. „ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას",- განაცხადა ზურაბ ხვისტანმა, ოდესის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა და იქვე დაამატა - „თუმცა ნებისმიერმა უკრაინელმა და ოდესელმა იცის, რომ ბოშების თემი ნარკოვაჭრობას ეწევა". სოფლის ადგილობრივები ნამდვილად ჩივიან ბოშების გამოჩენის შემდეგ მომატებული კრიმინალური შემთხვევების გამო, თუმცა ამით არანაირი გამართლება აქვს ლინჩის წესით განხორციელებულ სისასტიკეს. ჰვისტანის განმარტებით, ბოშები არავის უიძულებია, სოფელი დაეტოვებინათ. მათი ნებაყოფლობითი წასვლა იმით ახსნა, რომ უკრაინელ მეზობლებთან თანაცხოვრებას ვერ შეძლებდნენ და წასვლა ამ ფაქტის აღიარება იყო. მან არც კი ახსენა, სად მოხდა ბოშათა ოჯახების გადაყვანა. ამასობაში, ბოშების ეთნიკური ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის უწყებაში სარჩელი შეიტანეს. ავაკოვი სააკაშვილის მწვავე ოპონენტია. სარჩელში დაგმობილია სისასტიკე და ნათქვამია, რომ სახელმწიფოს არ ძალუძს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ბოშების დაცვა და ამით ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფაზე ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკას. ქალაქისა და რეგიონული მთავრობისთვის ამაზე ცუდ დროს ეს ეპიზოდი ვერ მოხდებოდა. 2017 წლის ევროვიზიის მასპინძელი ქალაქების კანდიდატთა სიაში ხომ ოდესას მოაზრებენ. ის ამ ტიტულს კიევსა და დნიპროს ეცილება. მასპინძელი ქალაქის შესარჩევი კონკურსის შედეგები მომდევნო რამოდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. ამ მასშტაბის საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიების გავლენა ქალაქის მომავალ სახეზე იმდენად დიდი იქნება, რომ ბოშა გოგოს მკვლელობის მეორე დღეს სააკაშვილმა და მისმა გადამტერებულმა ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა (რომელსაც გუბერნატორმა არაერთხელ უწოდა სეპარატისტი, ბანდიტი და ქურდი) და ევროვიზიის მასპინძლობის მხარდასაჭერად ერთობლივი პრესკონფერენციაზე გამართეს. ბოლო 15 თვის განმავლობაში პირველად მოხდა ამ ორი მოსისხლე მტრის საჯარო სივრცეში გვერდიგვერდ გამოჩენა, თუმცა ოდესის ელიტას ბევრჯერ ჰყავს ისინი ნანახი ბანკეტებზე და საჯარო თავშეყრის ადგილებში - თუმცა დარბაზის სხვადასხვა მხარეს. მათი ვითომდა დაზავება იმაზე მეტყველებს, რომ ამ სისასტიკის გამო ევროვიზიით მოტანილი დიდების დაკარგვის შიში ძალიან დიდია. თან განზრახული რეფორმების ნელი ტემპით გამოწვეული იმედგაცრუებაც გახდა სააკაშვილის მკვეთრად პოპულისტური ტონის მიზეზი. ეს ინციდენტი შეიძლება ფრაგმენტული იყოს, თუმცა ის ცხადყოფს, რომ ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონის სოციალური მექანიზმები შედარებით სუსტია. სააკაშვილის რეაქცია არასასურველ ელფერს სძენს გუბერნატორს მაშინ, როდესაც ბევრს ეგონა, ეს კაცი ოდესას სასიკეთოდ გამოადგებოდა. ახლა ეს განსაკუთრებით დასაფიქრებელი ფაქტია, რადგან მომდევნო წლებში სააკაშვილი ერთადერთ ძალად მიიჩნევა რეგიონში რაიმე სახის გააზრებული რეფორმების განსახორციელებლად", - აღნიშნულია სტატიაში.