„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-სთან თავსებადობის ამაღლებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვისა და და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოში NATO-სა და ევროკავშირის როლი უფრო გაიზრდება: „NATO-სთან კიდევ უფრო დაახლოებისა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, ყველა არსებულ მექანიზმს ვიყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში NATO ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უალტერნატივო ალიანსია. ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს NATO-სთან თანამშრომლობასა და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას. თავდაცვის სამინისტრო ასევე მაქსიმალურად არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღწევის გზაზე სხვადასხვა მექანიზმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დეპუტატებს თანამშრომლობის ფორმატებსა და პრაქტიკულ ინსრუმენტებზე, მათ მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ალიანსთან თანამშრომლობის პროცესში, მინისტრმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებასა და NATO-ს ეგიდით მიმდინარე სწავლებებსა და ოპერაციებში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ერთობლივი მონაწილეობა, 2021 წლიდან ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობა: „წარმატებით მიმდინარეობს NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმის, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება და მასში გაწერილი ინიციატივების ეფექტურად დანერგვა. აღნიშნული მექანიზმი NATO-ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის უდიდესი პროექტია პარტნიორ ქვეყნებთან არსებული პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს შორის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკას“.