„2024 წლიდან ვგეგმავთ ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდას“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტარებთან საუბრისას.
თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალებისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ადგილი დაუთმო თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობს მოხალისეების ჩართულობას საერთაშორისო, უწყებათაშორისი და თავდაცვის ძალების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში.
ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ უწყებას გათვალისწინებული აქვს მოხალისეთა ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინსტიტუციურად ინტეგრაცია. „ჩვენ ამ პროცესს გავხდით უფრო კონტროლირებადს, არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის სამხედრო ან სამხედროსთან დაახლოებული ორგანიზაციები, რომელიც არ იქნება სახელმწიფო უწყების მიერ გაკონტროლებული. ეს საკითხი იქნება დარეგულირებული,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.