2023 წლის 16 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება მალიკ მურზალინი ეწვია.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა ახლადდანიშნულ ელჩს, დაათვალიერებინა და გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი ისტორია, რის შემდეგაც ძვირფასი სტუმარი სსუ-ის სტუდენტებს შეხვდა.
სოხუმის უნივერსიტეტში ტრადიციად იქცა მეგობარი ქვეყნებისა და საზოგადოებების სახელობის აუდიტორიების გახსნა. სტუდენტებთან შეხვედრა, ყაზახეთის განმანათლებლის, აბაი კუნანბაიულიას სახელობის აუდიტორიაში გაიმართა.
სტუმარს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მიულოცა ელჩის მაღალი თანამდებობა და წარმატებები უსურვა.
„როგორც ჩვენ სახელმწიფოს, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს ყაზახ ხალხთან. ვახორციელებთ რა ერთობლივ კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებს, ვიცით, რომ საქმე გვაქვს თავისი ქვეყნის მოსიყვარულე, პატრიოტ ადამიანებთან, რომლებიც ერთგული მეგობრები და სანდო პარტნიორები არიან. მინდა წარმატება ვუსურვო მის აღმატებულება მალიკ მურზალინის ამ ახალ თანამდებობაზე და მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ზურაბ ხონელიძემ.
ყაზახეთის ელჩი მიესალმა სტუდენტებს, ისაუბრა თავისი ქვეყნის წარსულსა და აწმყოზე, უახლესი ისტორიის რეფორმებსა და წარმატებებზე. დიპლომატმა მოიწონა საკუთარი თანამემამულის სახელობის კაბინეტი და სტუდენტებს დაპირდა კაბინეტის შევსებას თანამედროვე ლიტერატურით და მის აღჭურვას უახლესი ტექნიკით.
ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ სსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, პროფესორი ბადრი ნაჭყებია და სსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი სტუდენტებთან ერთად.