logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრი: უნდა დაფასდეს პროფესიონალიზმი და სამშობლოსთვის თავგანწირვა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 17:59

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, სამხედროების დაფასებისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, უპირველესი და უმნიშვნელოვანესია სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა, რადგან პროფესიონალი სამხედროები წარმოადგენენ ჩვენი ჯარის სიძლიერის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს.

 

„ბოლო ოთხ წელიწადში მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები, რომელიც  მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.  მაგალითისთვის რიგითის დარიცხული ხელფასი 2019 წელს რიგითის მინიმალური ანაზღაურება  1050 ლარი იყო,   რაც დღეს  1530 ლარი გახლავთ,  ბოლო ოთხ წელიწადში 45%-იანი ზრდა გვქონდა.  ორ თვეში, 2024 წლის იანვრიდან რიგითი მინიმალური ხელფასი, რომელსაც დანამატები არ ემატება, 1700 ლარი იქნება.  ალბათ დამეთანხმებით და შემიძლია ვთქვა, რომ  ამ მიმართულებით ეს არის რევოლუცია. აღარ შევალ დეტალებში, თუ რა იქნება საშუალო რგოლის მენეჯმენტისა და ოფიცრების ხელფასი“, -  განაცხადა მინისტრმა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტზე, რომელიც პრემიერ მინისტრის ინიციატივით  მახათას მთაზე 2020 წელს დაიწყო და წარმატებით დასრულდა.

 

„უკვე დავასრულეთ და გადავეცით 1092 ბინა ჩვენს სამხედროებს. ამით  მათ ოჯახებს  დიდი სიხარული მივანიჭეთ“, - განმარტა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პროექტი განგრძობითი იქნება.

 

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვის ფარგლებში კიდევ ერთ წარმატებულ პროექტზე ისაუბრა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას“ ითვალისწინებს.

 

„პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით საერთო ჯამში 6000-მდე სამხედრომ თუ მათი ოჯახის წევრებმა  ისარგებლეს. ასევე იცით მინისტრის სტიპენდიის შესახებ, რომლითაც  800-მდე წარმატებულმა სტუდენტმა ისარგებლა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

ასევე, თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ან დაშავებული გმირი სამხედროების შვილების უმაღლესი განათლება ფინანსდება. მიმდინარე წელს აღნიშნულ კატეგორიას დაემატა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების უმაღლესი განათლების დაფინანსებაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner