მსოფლიო წესრიგის შეცვლასა და ომის დაუწერელ კანონებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემას შეეხო. მისი თქმით, კონკრეტული შემთხვევის შეფასებამდე, საჭიროა სიტუაციის გლობალურ ჭრილში შეფასება.
„სანამ ამ კერძო შემთხვევის ანალიზს გავაკეთებთ, აუცილებელია ზოგადი ანალიზის გაკეთება - რა შეიცვალა ზოგადად მსოფლიოში უკვე ზღვარგადასული ომის პარტიის ქმედებებში და მსოფლიო მართლწესრიგის დახარვეზებულ სისტემაში.
მოხდა ის, რომ ქვეყნებს შორის ომი შეიძლება მიმდინარეობდეს, მაგრამ ადრე დაუწერელი კანონი იყო, რომ ომში თავი უნდა აარიდო ისეთი აკრძალული იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორიცაა კასეტური, თუ ფოსფორის ბომბები; არ შეიძლება მოქალაქეები სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენო; არ შეიძლება ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის თითოეული პუნქტი ირღვეოდეს, ისე, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში და მას არავინ აქცევდა ყურადღებას, გარდა სტრასბურგის სასამართლოსი, რომელიც გავსებული იყო ამ შინაარსის საჩივრებით.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ აგენტოკრატების ცალკეული წარმომადგენლისათვის კონსტიტუციაც არაფერს ნიშნავს, ქვეყნის სუვერენიტეტიც არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ ძირშივე არღვევს მსოფლიოში დაწესებულ ნორმებს, დღის წესრიგებს. როდესაც ხედავენ, რომ მსოფლიო გაგიჟდა, აირია, შეიშალა, ფიქრობენ, რომ მე ჩემს პატარა საფეოდალოში (რა მოხდა, რომ კონსტიტუციაში ასე წერია, მე ასე მინდა), ამას განზრახ და ჯიუტად გავაკეთებ იმიტომ, რომ მე ასე მინდა, იმიტომ, რომ სადაც დიდი დანაშაული არ ისჯება, მე რა უნდა გამიკეთონ? - ასეთი შთაბეჭდილება მექმნება მე.
მაგრამ აირევა მაშინ ყველაფერი, გაეროც უნდა დაიშალოს თავის უშიშროების საბჭოთი, კონვენციებიც უნდა გაუქმდეს, საერთაშორისო სასამართლოებიც უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, ასე იმართებოდეს სიტუაცია, როგორც მსოფლიოში, ასევე ცალკეულ სახელმწიფოებში“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
მან ვითარება საფეხბურთო მოედანს შეადარა, სადაც ერთი მხარე წესებით, ხოლო მეორე მათი დაცვის გარეშე თამაშობს და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ცუდ მდგომარეობაში, წესებით მოთამაშე ექცევა.
„სიტუაცია წააგავს საფეხბურთო მოედანს, სადაც ვიღაცამ გააუქმა წესები, მაგრამ ერთი გუნდი ცდილობს წესებით ითამაშოს, მეორე კი, ფიქრობს, რომ ყველაფერი დაშვებულია - დაჩეხე, ხელით გაიტანე, რაც გინდა ის გააკეთე. ცუდ მდგომარეობაშია ის, ვინც წესებს იცავს და ამ მდგომარეობაშია ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს კონსტიტუციაზე დაყრდნობით ქვეყნის სუვერენიტეტზე ილაპარაკოს, დამოუკიდებლობა დაიცვას.
მაგრამ შეიქმნა მიუკარებელთა კლასი თავისი დაუსჯელობის პრეზუმფციით, რომლისთვისაც ხელისუფლებისკენ მიმავალი ყველა გზა ხსნილია. ვერც სასამართლო, ვერც მართლმსაჯულება მათ ვერ აჩერებს, მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება. შეიძლება ასე იყო იმ 9-წლიანი რეჟიმის დროს, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში, ასე არ იქნება და ის, რომ შენ ჯიუტად ცდილობ კონსტიტუციისა და კანონის დაცვას, იწვევს მათში გაუგებრობას, იმიტომ, რომ მიჩვეულები იყვნენ, რომ კანონს ჰქონდა ბუტაფორიული სახე. მაგრამ ახლა ხდება მათი იძულება, იცხოვრონ წესებით და ეს არის მათთვის გაუგებარი და მიუღებელი,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.