სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ „პატიმრობის კოდექსსა" და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში მომზადებული ცვლილებების საფუძველზე სასჯელაღსრულების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე ინერგება. სიახლეების შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა უწყების თანამშრომელთა პროფესიულ დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელზეც მინისტრმა რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
ცვლილებების თანახმად, პენიტენციურ სისტემაში ახალი - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება. ახალი ტიპის დაწესებულება გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთაც სასჯელის ამოწურვამდე 6 თვე აქვთ დარჩენილი. კონკრეტულად, ამ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ გათავისუფლებამდე განივითარონ პროფესიული და სხვა სახის უნარები, მიიღონ განათლება, მოაწესრიგონ პირად დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.
ასევე, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს შესაძლებლობა ექნება სწავლის, მუშაობის ან სხვა მიზნით დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება. გარდა ამისა, დაწესებულებიდან გავიდეს უქმე დღეებში.