logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: რაც მოვისმინეთ, დამაიმედებელია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისთვის
- +

17 ოქტომბერი. 2023. 20:03

"ის, რაც დღეს მოვისმინეთ, არის დამაიმედებელი, ძალიან კარგი და სასიამოვნო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც ბატონი ჯუანშერი, არც თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალების მეთაურობაში მყოფი ადამიანები ამით კმაყოფილი არ არიან. ჩვენ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ, უფრო მეტად გვინდა გადავაიარაღოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები და უფრო მეტი შესაძლებლობები შევთავაზოთ ჩვენს ოფიცრებს და ჯარისკაცებს. რა თქმა უნდა, ეს არის განზრახულობა. მაგრამ ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ამის აღნიშვნაც არ უნდა სწყინდეს არავის, მითუმეტეს, თუკი საკუთარ თავს პატრიოტს ეძახი," - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მოსმენის შემდეგ.

 

 

მან თავის გამოსვლაში ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ ისინი რეალობას სათანადოდ არ აღიქვამენ.

 

 

„არც ერთ გამომსვლელს არ გამოუტოვებია სამოქალაქო თავდაცვის საკითხი, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აგრესიისაგან დასაცავად. ესე იგი, ეს აგრესია არის რეალური. მაშინ როდესაც ჩვენ, ხელისუფლება ვამბობთ, რომ მშვიდობა და თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობა არის მიღწევა, მათი აზრით, ამის თქმა არ შეიძლება იმიტომ, რომ თურმე ჩვენ ვიგონებთ საფრთხეს. მაგრამ ობიექტური რეალობა არის ის, რომ საფრთხე რეალურია ამ ქვეყნის წინაშე. მითუმეტეს იმ ქვეყნის წინაშე, რომლის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და აქაც ოპოზიციის მხრიდან ფლიდობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

მისივე თქმით, თუკი ადამიანებს არ შეუძლიათ მადლიერებით შეხვდნენ და პოზიტივი გამოხატონ, როგორც მინიმუმ ის მაინც არ უნდა გააკრიტიკონ, რასაც ხელისუფლება ოფიცრებსა და ჯარისკაცებს სთავაზობს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება სოციალური უზრუნველყოფის პაკეტს.

 

 

„ეს უბრალოდ მავნებლობაა, სხვა თუ არაფერი. მავნებლობაა ის, რომ შენ არ გიხაროდეს, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები დააკმაყოფილოს საცხოვრისით, ეს არ იყოს ერთჯერადი პროგრამა, გაგრძელდეს და პერმანენტულად გავითვალისწინოთ ასეთი პროგრამების განხორციელება. რატომ არ უნდა მოგწონდეს და გიხაროდეს ეს. რატომ უნდა იყოს ეს ცუდი. ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ თავდაცვის საკითხის განხილვაზე საქართველოს პარლამენტში თითქმის არცერთი ოპოზიციონერი არ იმყოფებოდა, ვინც იმყოფებოდა, ისინიც კი არ საუბრობდნენ რეალურ პრობლემებზე და არ ჰქონდათ იმის სურვილი, რომ დადებითად შეეფასებინათ ის, რასაც ყველა ერთად ვცდილობთ, რომ გავუკეთოთ ჩვენ ჯარს, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner