პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
„საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ „იმედინიუსმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს 2023 წლის სექტემბერში სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 პირზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე.
ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ სუსმა საკითხის შესწავლა დაიწყო.
ამ ფაქტს თავად ფარცხალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა.
მოგვიანებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.