logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ის, რომ პრეზიდენტმა თანხმობის გარეშე განახორციელა ვიზიტები, ეს უკვე არის დამდგარი ზიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ის წავიდა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ
- +

17 ოქტომბერი. 2023. 21:15

"განსხვავებული აზრის ავტორებს არასწორად აქვთ გამიჯნული საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტის კომპეტენციები. ბუნებრივია მათ გაუჭირდებათ პრეზიდენტის და მთავრობის კომპეტენციების სწორად დანახვა, თუ უჭირთ საკუთარი ორგანოს - საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტის უფლებამოსილების ერთმანეთისგან გამიჯვნა," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

 

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი - დადგა თუ არა ზიანი [პრეზიდენტის ვიზიტების გამო]. არ არსებობს თითქოს ამის მტკიცებულება. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს ინფორმაცია, რა შინაარსის შეხვედრები გაიმართა, მაგრამ აქ ერთ რამეს უშვებენ საწინააღმდეგო აზრის ავტორები მხედველობიდან, რომ ზიანი უკვე თავისთავად დგება, როდესაც პრეზიდენტი მიდის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. მარტივი შედარება რომ მოვიტანოთ: როდესაც თქვენ ავტომობილს მართავთ მართვის მოწმობის გარეშე, ეს უკვე არის ზიანი, იმიტომ რომ ამით უკვე სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიდიხართ. ის, რომ პრეზიდენტი თანხმობის გარეშე გაემგზავრა საზღვარგარეთ, განახორციელა ვიზიტები, ეს უკვე არის დამდგარი ზიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ის წავიდა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრის ავტორებს არასწორად აქვთ გამიჯნული საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტის კომპეტენციები. მათი ფუნქცია იმპიჩმენტის დავის განხილვის დროს მათ შორის იყო მთავრობის და პრეზიდენტის კომპეტენციების სწორად დანახვა. ბუნებრივია მათ გაუჭირდებათ პრეზიდენტის და მთავრობის კომპეტენციების სწორად დანახვა, თუ უჭირთ საკუთარი ორგანოს - საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტის უფლებამოსილების ერთმანეთისგან გამიჯვნა. როგორ იმიჯნება კომპეტენციები - საკონსტიტუციო სასამართლო არის პასუხისმგებელი ფაქტის დადგენაზე. ფაქტი არის ის, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, ამაზე მხოლოდ პარლამენტი მსჯელობს და საწინააღმდეგო აზრში არის განვითარებული მოსაზრება, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლო უნდა შეიჭრას პარლამენტის კომპეტენციაში და თავადაც უნდა იმსჯელოს მიზანშეწონილობის თაობაზე, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner