"ჩვენთვის, შესაძლებლობა არის მხოლოდ ერთი, ჯერ დავიბრუნოთ ადამიანების გულები და გონება და მერე ჩვენი მიწები. როგორც ჩვენ გვეკუთვნის აფხაზეთი და სამაჩაბლო, ისე ეკუთვნის მათ თბილისი და თელავი. შესაბამისად უნდა გავერთიანდეთ გულებით და გონებით და არა იარაღის ჟღარუნით," - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლების საპასუხოდ განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს.
ბექა ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის მოწოდებები არასერიოზულია. მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს თავდაცვის ძალები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ გამოწვევებს გაუმკლავდებიან.
„ეს ყველაფერი რას ემსახურება მე ნამდვილად არ ვიცი. ვინ უნდა აისხას იარაღი და ვის წინააღმდეგ, რომელი საუკუნეა. ჩვენ გვყავს თავდაცვითი ძალები, რომლებსაც აქვთ ასხმული იარაღი და გვყავს პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური და მათ უნდა უზრუნველყონ, ღმერთმა დაგვიფაროს უკიდურეს შემთხვევაში თუ გახდება ეს ეროვნული გამოწვევა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.