სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოაწეროს. ამის შესახებ სომხური მედია წერს.
„სამხრეთ კავკასიის რეგიონს მშვიდობა სჭირდება, სჭირდება რომ რეგიონის საზღვრები ღია იყოს და ყველა საკითხი დიპლომატიური გზით გადაიჭრას“, - განაცხადა ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
მან აღნიშნა, რომ ერევანი მზად არის ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, თუ ის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარებაზე იქნება დაფუძნებული. ფაშინიანის თქმით, მისი ქვეყანა მზადაა სამხედრო ძალები 1991 წლის საზღვრებამდე გადაწიოს.
„ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები არ იქნებიან სომხეთის ტერიტორიაზე, სომეხი სამხედროები კი არ იქნებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“, - განაცხადა პრემიერმა. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანი რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვისთვის არის მზად.
2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა. 5 ოქტომბერს ფაშინიანმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს.