logo_geo
eng_logo
„საქართველო არის დემოკრატიის იშვიათი მაგალითი რეგიონში“
- +

9 სექტემბერი. 2016. 13:17



აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად პო-კონელის რეზოლუცია მიიღო.


მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით (410-6) მიიღო რეზოლუცია #660, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა: კონგრესმენმა ტედ პომ (რესპუბლიკელი, ტეხასი) და კონგრესმენმა ჯერალდ კონელიმ (დემოკრატი, ვირჯინია) განცხადება  გამოაქვეყნეს.


რეზოლუცია #660, რომლითაც დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაცია, მოუწოდებს რუსეთს [საქართველოს] ტერიტორიებიდან [ჯარების] გაყვანისკენ. დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი, გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის ფედერაციის დე-იურე თუ დე-ფაქტო მმართველობას საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე.


„საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფო არის ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მოკავშირე, რომელსაც ემუქრება რუსული ავტორიტარიზმის სუსხიანი ქარი", - განაცხადა კონგრესმენმა პომ.


„რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაცია არ ეხება მხოლოდ ტერიტორიებს. ეს არის თავდასხმა იდეებზე, თავდასხმა თავისუფლებასა და უფლებებზე, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რეზოლუცია ცალსახად აცხადებს, ჩვენმა მეგობრებმა საქართველოში და რეგიონში უნდა იცოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დაუჭერს მხარს თავის მოკავშირეებს, რომლებიც დგანან ციმბირელი ნაპოლეონის საფრთხის წინაშე".


„ამ რეზოლუციის მიღებით გაკეთდა მკაფიო და არაორაზროვანი განცხადება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მხარდასაჭერად. მასში კიდევ ერთხელ აისახა ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიული ცვლილებების არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია ატარებს", - განაცხადა კონგრესმენმა კონელიმ.


„როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში რუსეთი უხეშად არღვევს ამ პრინციპებს, რაც გამოიხატება მეზობელ ქვეყნებში არეულობის წახალისებასა და სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერაში. ეს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი გზავნილი მოსკოვისადმი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ასეთ ქმედებებს და მომავალშიც გაამახვილებს ყურადღებას აგრესიის მსგავსი აქტების აღკვეთასა და მათზე რეაგირებაზე".


ავღანეთში ჩვენი ჯარების გვერდიგვერდ მომსახურე ქართველი მებრძოლების რაოდენობა აღემატება ნატოს ყველა არაწევრი მოკავშირის შემადგენლობას ამ მისიაში. საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან წარმატებით მიმდინარეობს და ქვეყანა ძალ-ღონეს არ იშურებს ნატოში ოფიციალურად გაწევრებისთვის. საქართველო არის დემოკრატიის იშვიათი მაგალითი რეგიონში და ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭიროს საქართველოს, როგორც თავისუფალი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.


http://poe.house.gov/2016/9/


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner