ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საზეიმო მიღებაზე, ვეტერანების შვილების და შვილიშვილების ნახატების გამოფენა, გაიმართა. ნახატების ავტორებს პრემიერ-მინისტრი შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურს აფხაზეთისა და 2008 წლის ომის ვეტერანის ზურაბ ჟღენტის შვილებმა - მხატვრებმა ანა და მარიამ ჟღენტებმა, საჩუქრად თავიანთი ნახატი გადასცეს.
ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეულნი იყვნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტის „მადლობა თავდადებისთვის“ მონაწილე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების - ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ა.წერეთლის სახელობის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები. სტუდენტებმა პროექტის ფარგლებში, მოამზადეს ვიდეო-სიუჟეტები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე.
ღონისძიების დასასრულს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მხატვარ ბავშვებს, პროექტის „მადლობა თავდადებისთვის“ მონაწილე სტუდენტებს, მათ ხელმძღვანელებს გულითადი მადლობა გადაუხადა, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.