„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავის დროზე პრეზიდენტს მოიხსენიებდნენ როგორც აგენტს, რეზიდენტსა და ჯაშუშს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ეს სტატუსი არ იცვლება - თუ ვინმე იყო ჯაშუში, აგენტი და რეზიდენტი ის ყოველთვის რჩება ჯაშუშად, აგენტად და რეზიდენტად. თუმცა დღეს, სწორედ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილი გვიცხადებს ყველაზე პროევროპელ ლიდერად ქართულ პოლიტიკაში. აქ ჩანს, სადამდეა მისული ეს ალიანსი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი. ამ წუთებში საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოდის წარდგინების ავტორი, ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.