„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას დასმულ კითხვას პასუხობს, თუ სად იყო თავად ირაკლი კობახიძე მაშინ, როდესაც ყველა „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა.
„რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ წარმომადგენელს, რომელიც დღეს ამ დარბაზშია, თეონა აქუბარდიას, ქალბატონ სალომეს ჰბაძავს, ეტყობა, გავიდა ზრდილობის ზღვარს მიღმა, შესაბამისად მის კითხვებს არ ვუპასუხებ. ერთადერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ მე სად ვიყავი თავის დროზე. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენმა პარტიამ მე უნივერსიტეტიდან გამაგდო 2010 წელს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე. უზრდელობა არ გეპატიება, მით უმეტეს, ნაციონალს არ ეპატიება უზრდელობა ამ სხდომათა დარბაზში. ნაციონალების უზრდელობის ადგილი ამ სხდომათა დარბაზში არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.