logo_geo
eng_logo
წინანდალში მსოფლიოში აღიარებული ღვინის სიმპოზიუმი „Grand Jury Du Vin“ გაიმართება - ღონისძიების მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“
- +

18 ოქტომბერი. 2023. 14:33

 

 

3-4 ნოემბერს წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაციის ყველაზე პრესტიჟული „Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“.

 

საქართველო „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების, ფარგლებში, წინანდალში თავს მოიყრიან მსოფლიოს ღვინის პროფესიონალები - სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები, ღვინის ენთუზიასტები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ „ბორდო გრანდ კრუს“ კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები.

 

ამასთანავე, „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმი მონაწილეებს კულტურულ პროგრამას წარუდგენს, სადაც სტუმრები როგორც ქართულ ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ხელოვნებასა და გასტრონომიას გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და ქართული ფოლკლორის საღამო სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მონაწილეობით. ასევე, სიმპოზიუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ გალა ვახშამს, რომელსაც უმასპინძლებს იან ჰარტვიგი, მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი შეფი და ირაკლი ასათიანი, „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი.

 

„საქართველოს ბანკი“ ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს, როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ვიყოთ მსოფლიოში აღიარებული „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმის მხარდამჭერები, რომელიც  საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტებსა და მოყვარულებს უმასპინძლებს. ეს არის მნიშნელოვანი ინიციატივა და კარგი შესაძლებლობა, კიდევ უფრო  ფართო აუდიტორიას გავაცნოთ 8000 წლის მქონე ქართული ღვინის ისტორია, ხელი შევუწყოთ ქართველ მეღვინეებს,  გავიდნენ  საერთაშორისო ბაზრებზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას მსოფლიო ბაზარზე და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტად  პოპულარიზაციას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

 

„წინანდლის ღვინის სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის „Grand Jury du Vin“ 25 წევრი. ამ ადამიანებს უდიდესი გავლენა აქვთ ღვინის ინდუსტრიაზე. ჩამოვლენ მსოფლიოს წამყვანი მეღვინეები, ღვინის ექსპერტები, კრიტიკოსები, ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორები. ასევე, სომელიეები და ჟურნალისტები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. ასევე იქნებიან ცნობილი მწარმოებლები საფრანგეთიდან და გერმანიიდან, მათ შორის - „ოტ ბრიონ“, „ვევ კლიკო“, „ჰენესი“ და ა.შ. ამ 2-დღიანი ღონისძიების მიზანია, რომ ცნობილმა ჟურნალისტებმა და ღვინის ინდუსტრიის გამოჩენილმა წარმომადგენლებმა ზუსტად შეიგრძნონ საქართველოს ტურიზმის პოტენციალი, განსაკუთრებით ქართული ღვინის, გასტრონომიის და კულტურის ხიბლი. ქართველ მეღვინეებს კი საშუალება ეძლევათ  საკუთარი ღვინოები მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტებს წარუდგინონ“, - აცხადებს „სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.

 

ინფორმაციისთვის, წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე „Villa d’Este“-ში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner