პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამას ავრცელებს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი თანასწორობის უფლებების რეალიზაციისთვისა და ადამიანების დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ქმედით ღონისძიებებს ეხება. ღონისძიებები მოიცავს რწმენის თავისუფლების დაცვას, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას, გენდერული თანასწორობის დაცვას, ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად მიმართულ რეფორმებს, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებებსა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.
„გატარდება ქმედითი ღონისძიებები თანასწორობის უფლებების რეალიზებისათვის და ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად. გაძლიერდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის აღსრულების მექანიზმები:
- უზრუნველყოფილი იქნება რწმენის თავისუფლების დაცვა ყველა რელიგიური გაერთიანებისა და თითოეული ადამიანისთვის. გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ინტერრელიგიური დიალოგი. ხელისუფლება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შემწყნარებლობის კულტურის შემდგომ განვითარებას;
- ეროვნული უმცირესობების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს მომდევნო წლების განმავლობაში ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში. გააქტიურდება ძალისხმევა ყოველწლიური დეტალური გეგმის განხორციელებისთვის შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, მათ შორის სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე არსებული კომისიის ფარგლებში. განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, რაც ხშირად ქმნის წინაღობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრულფასოვანი ჩართულობისთვის. შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტურობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენის პროგრამებზე აკადემიური პროცესის მიღმაც. უზრუნველყოფილი იქნება ქართული ენის მიზნობრივი სწავლება საჯარო სექტორში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის. კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობებისთვის გაუმჯობესდება ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობა. განათლების სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა განათლების ყველა საფეხურებზე. გაუმჯობესდება მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, ეროვნული უმცირესობების ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვა, რაც წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის სახელმწიფოს შესაბამის პროგრამებსა და სერვისებზე მათთვის გასაგებ ენაზე სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით; უზრუნველყოფილ იქნება ეროვნულ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების და განვითარების შესაძლებლობები, ტოლერანტული გარემოს წახალისება მთლიანად საზოგადოებაში;
- განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების დონეზე, გენდერული თანასწორობის დასაცავად; უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი და ქმედითი რეაგირება გენდერული თანასწორობის დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ხელისუფლება ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობერების ამაღლების კამპანიის წარმართვას;
- გაგრძელდება რეფორმები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის ამოქმედდება სახელმწიფო კომპენსაციის სისტემა; გაგრძელდება ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანია;
- დაცული იქნება შშმ პირთა უფლებები გონივრული მისადაგების გათვალისწინებით; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შშმ პირთა სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს შშმ პირთა დასაქმებას, ასევე ადმინისტრაციული შენობების შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით ადაპტირებას; ხელისუფლება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების, გადაადგილებისა და მოგზაურობის თანაბარ ხელმისაწვდომობას, შესაბამისი რეგულაციების შემუშავებისა და დანერგვის გზით.
- გაგრძელდება აქტიური ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ", - ნათქვამია „ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმაში.