logo_geo
eng_logo
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს
- +

18 ოქტომბერი. 2023. 15:43

 

 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„ჩვენთვის ცნობილი გახდა – „სტუდია მონიტორი“ აწარმოებს შეკვეთილ „ჟურნალისტურ გამოძიებას“ და ამზადებს გადაცემას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რეაბილიტაციის რეჟიმის შესახებ. ასევე აპირებენ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს წინაშე კომპანიის მიმართ „არსებული საბიუჯეტო დავალიანების  ჩამოწერაში“ დაგვეხმარა საქართველოს მოქმედი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რაც სრული სიცრუეა. მოგახსენებთ, რომ კომპანია იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში, რაც დამტკიცებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, რომელიც განთავსებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე (WWW.Ecourt.ge).

 

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“, კრედიტორების და არა საბიუჯეტო დავალიანება გაუჩნდა 2019-21 წლებში პანდემიით გამოწვეული შედეგებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია კომპანიის ფაქტობრივი პარალიზება, რა დროსაც კომპანია ფუნქციონირებდა სრული მოცულობის დაახლოებით 5%-ით. შედეგმაც არ დააყოვნა და წარმოიქმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც კომპანია 2021 წლის ბოლოს უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კრედიტორთა რაოდენობამ შეადგინა სამოცამდე იურიდიული თუ ფიზიკური პირი და შესაბამისად მრავალ მილიონიანი ვადამოსული დავალიანება.

 

2021 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის  განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადება და შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი.

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე დაინიშნა რეაბილიტაციის ზედამხედველი და მის მიერ მომზადებული კრედიტორთა რეესტრი წარედგინათ კრედიტორებს და სასამართლოს.

 

2022 წლის 29 სექტემბერს ჩატარებულ კრედიტორთა კრებაზე, დამსწრე/კენჭისყრაში მონაწილე კრედიტორთა 99,72%-მა მოიწონა რეაბილიტაციის გეგმა და მხარი დაუჭირა მას.

 

2022 წლის 04 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, საქმეზე NN2/34809-21, განჩინებით დამტკიცდა რეაბილიტაციის გეგმა.

 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ჩვენ კომპანიას 30 წლის არსებობის განმავლობაში სახელმწიფოს წინაშე არასდროს ჰქონია არცერთი თეთრი საბიუჯეტო დავალიანება და დღესაც არ გააჩნია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სრული სიცრუეა, თითქოს პრემიერ-მინისტრი დაგვეხმარა საბიუჯეტო ვალების ჩამოწერაში. ხსენებული მიუთითებს, რომ გადაცემა შეკვეთილია დაინტერესებული პირების მიერ, რომელთა მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მოქმედი ხელისუფლების და ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დისკრედიტაცია.

 

ზემოხსენებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner