logo_geo
eng_logo
გლდანის მესამე მიკრორაიონში პარკი მოეწყო
- +

18 ოქტომბერი. 2023. 15:48

 

 

გლდანის მესამე მიკრორაიონში გლდანის რაიონის გამგეობამ პარკის მოწყობა დაასრულა. ახალი რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით,  9 000 კვ.მ ფართობზე განთავსდა.

 

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

 

„აღნიშნული სივრცის სრული განახლება მოხდა. აქ იყო მძიმე მდგომარეობა, გაუბედურებული იყო ეს ტერიტორია და პროექტის ფარგლებში ხედავთ, როგორი ლამაზი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა. მინდა, გლდანის გამგეობას და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია და მთავარია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი. ხედავთ,  ირგვლივ როგორი მჭიდროდ დასახლებული სივრცეა. ასეთი პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ. მაგალითად, მე-9 კორპუსის წინ არსებული ტერიტორია არის მოსაწესრიგებელი და ესეც მომავალი წლისთვის მთლიანად იქნება გაკეთებული და მთლიანობაში ერთი უდიდესი სივრცე გამოვა, სადაც ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება გამოყოფილი სივრცე, სავარჯიშო, მოსასვენებელი ფანჩატურები, ახალი ხე-მცენარეებით, სარწყავი და განათების სისტემებით. მთავარი არის, რომ შექმნილია სასიამოვნო გარემო. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პროექტის დასრულება. ჩემი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და როდესაც თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, აქვე ვცხოვრობდი მამიდასთან და ძალიან კარგი მოგონებები მაქვს აღნიშნულ რაიონთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცეები გაკეთდა: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკი და ფიტნეს სივრცე. ასევე, სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ტერიტორია გამწვანდა - დაირგო 469  სხვადასხვა სახეობის ხე, 396 ბუჩქი და დაიგო ბალახი.

 

სამუშაოებისთვის  გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან  1 600 000  ლარამდე დაიხარჯა.

 

დედაქალაქის მერთან ერთად, ახლად გახსნილი პარკი გლდანის რაიონის გამგებელმა ბესო კალაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ დაათვალიერეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner