logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტად წოდებულს ვერ წამოვაცდენინეთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ადამიანი, რომელიც ამ სიტყვების თქმას ვერ ბედავს, არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად
- +

18 ოქტომბერი. 2023. 18:22

 

 

„რას გვაძლევს დღევანდელი დღე და ეს პროცედურა? პირველი, ესაა სრული ლუსტრაცია, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ მიერ ერთ დროს მხარდაჭერილი პრეზიდენტი აბსოლუტურად „ნაცმოძრაობის“ ნარატივშია და სრული ლუსტრაციაა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდნენ.

 

მისი თქმით, ამ პროცედურამ აჩვენა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და  მაშინ, როდესაც დამრღვევი ამბობს, რომ  ის გააგრძელებს ამგვარ მოქმედებებს, ეს არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე.

 

„ჩვენ ვიყავით ვალდებულები  მიგვემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და დაგვეფიქსირებინა დარღვევა, რომელსაც არ სჭირდება დიდი იურისტობა.  იურისტობა არ სჭირდება ასევე სტატუსისა და უფლებამოსილების  ერთმანეთისგან გარჩევას. თუ ამას იურისტი ვერ არჩევს, ის ან განზრახ აზიანებს სახელმწიფოს ინტერესს, ან ის უბრალოდ იურისტი არ არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით,  დღევანდელმა დღემ კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა, ესაა გამიჯვნა სალომე ზურაბიშვილის პოზიციისგან.

 

„ჩვენ  საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ვუთხრათ გარკვევით და მკაფიოდ, რომ ჩვენ ვემიჯნებით ამ ქვეყნისათვის  მავნებლურ და მტრულ პოზიციას, რომ საქართვლო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე მგონია, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წინა ორი საკითხი. მათ შორის ქართველი საზოგადოების, უზენაესი და ერთადერთი დავალების მიმცემის, ლეგიტიმური დავალების მიმცემის წინაშე. იმიტომ რომ დაიმახსოვრონ, არავისგან დავალება არ უნდა მიიღო, ერთადერთი ვისგანაც დავალება შეიძლება მიიღო, ეს არის ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ  უნდა იცოდეს, რომ  როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასე ლაპარაკობს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ამას აფასებს, რომ ეს არ არის საქართველოს გულშემატკივარის და ქართული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკე ადამიანის აზრი. მით უმეტეს როცა ეს ადამიანი  საქართველოს პრეზიდენტია. მისი თქმით, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს  რა ხდება დარბაზში და რას გაექცა დღეს საქართველოს პრეზიდენტი.

 

„როგორ შეიძლება, არათუ პრეზიდენტის პოზიციაზე, არამედ რაიმე ნებისმიერი  საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავოს და არ ისარგებლო შესაძლებლობით, პასუხი გასცე შენს მიმართ არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს. მით უმეტეს იმ კონტექსტში, თუ ის ქვეყნის შიგნით ამბობს, რომ შარშან სწორად არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და წელს მხოლოდ ფორმალურად ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს. უნდა თქვას, დღეს რა აზრზეა.

 

ქალს, პრეზიდენტად წოდებულს, ვერ წამოვაცდენინეთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ის მაინც ეთქვა, თუ დსთ-ის წევრი ქვეყანა იმსახურებს, რომელიც კი ცდილობს რაღაც რეფორმების გატარებას, მაგრამ საქართველოსთან შედარებით ახლოს ვერ მივა ვერც ერთ პროგრესთან, ვერც ერთ რეფორმასთან. დიდი პატივისცემა ჩვენს მოლდოველ კოლეგებს, მათ შორის უკრაინას, ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა, მაგრამ ყველამ რომ იცის, თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმით, რომ ჩვენ გაცილებით  წინ ვართ და ამ ფონზე იღებენ სტატუსს სხვები, რომლებიც არ არიან ჩვენზე წინ, ის ხომ მაინც უნდა შეძლო გამოხვიდე რაღაც დავალებიდან თუ ჩარჩოდან, თვითგვემიდან და თქვა, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა თუ იღებს, ხომ შეიძლება ჩვენც ვიმსახურებთ ამას.  უნდა შეძლო და თქვა,  რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო პირველია და ის კანდიდატის სტატუსსაც იმსახურებს, იმსახურებდა და დაიმსახურებს კიდეც ყველა მოცემულობაში, რომ იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ადამიანი, რომელიც ამ სიტყვების თქმას ვერ ბედავს, არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, როგორც ჩანს, ადამიანები ვერ უძლებენ ზეწოლას, მაგრამ როდესაც სამშობლოს ინტერესები დგას წინ, ყველაფერზე უარი უნდა თქვა.

 

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ  ქალი პრეზიდენტი გვყოლოდა, ემიგრაციის წარმომადგენელი გვყოლოდა, გარკვეული სიმბოლიზმი შემოგვეტანა, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც მეთოდებს და ზეწოლებს ვერ უძლებენ ადამიანები. როდესაც სამშობლოს ინტერესი დგას წინ, ალბათ, ყველაფერზე უარი უნდა თქვა, შიშიც უნდა დაძლიო, ზეწოლაც უნდა დაძლიო გარედან თუ შიგნიდან, დამუნათების  ბინძური მეთოდებიც უნდა ამხილო და თქვა, რომ  ჩემი ქვეყანა არის ღირსეული ევროპული მომავლის ღირსი.  ჩვენ ამ  სიტყვებს და მიდგომას არასდროს გადავალთ. ამიტომ ვართ საკუთარი შვილების წინაშეც, საკუთარი ქვეყნის მომავლის ღირსეული ევროპული მომავლის წინაშეც მართლები და ამიტომ ყოველთვის თამამად ვილაპარაკებთ  ამ საკითხებზე, როგორც ამას დღეს ვაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner