პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის განვითარებისთვის სამოქმედო გეგმას ეხება.
„ქართული ოცნება" არის და იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში არ დაბრუნდება ხელისუფლების მიერ ადამიანის ღირსების უგულებელყოფისა და შელახვის პრაქტიკა და ქვეყანა განვითარებას განაგრძობს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების განუხრელი დაცვის პირობებში.
სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება სისხლის სამართლის რეფორმა: სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობა დაიხვეწება სამოქალაქო სექტორის ჩართულობით საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად; უზრუნველყოფილი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის ორიენტირება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციაზე - გაფართოვდება არასაპატიმრო სასჯელების წრე და დაინერგება შესაბამისი სერვისები;
სასჯელაღსრულების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით:
- სულ უფრო მეტი მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული განათლება; შესაძლებელი გახდება უმაღლესი განათლების მიღება დაბალი რისკის დაწესებულებებში; მსჯავრდებულთათვის შეიქმნება დასაქმების ახალი კერები; გაძლიერდება პატიმართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, მათ შორის სხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაციის პროგრამები;
- დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა რესოციალიზაციას და საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას შეუწყობს ხელს. შინაპატიმრობის აღსრულების კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე დაიყვანს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს. მოხდება შინაპატიმრობის გამოყენება პირობით ვადამდე გათავისუფლების პროცესშიც, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, გათავისუფლებული პირის სათანადო ქცევა მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელების გზით უზრუნველყოს. დაინერგება ახალი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება - წინასასამართლო პრობაცია, რაც საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციის შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების რაოდენობას.
კვლავაც უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა.
გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი - კონსტიტუციურ ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლება და დაისაჯონ შესაბამის დანაშაულში ბრალდებული პირები.
უზრუნველყოფილი იქნება გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლება.
ხელისუფლება უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლების სრულფასოვან რეალიზაციას. დაიხვეწება სპონტანურიშეკრების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმები და კიდევ უფრო გაძლიერდება შეკრებების, ასევე გამოხატვის სხვა ფორმების ხელის შესლის ფაქტების აღკვეთისა და პრევენციის მექანიზმები. უზრუნველყოფილი იქნება შეკრების უფლების დარღვევის ფაქტებზე ქმედითი სამართლებრივი რეაგირება და უფლების დარღვევის პრევენცია.
კიდევ უფრო დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასი მოვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ზედამხედველობის სისტემა. გაგრძელდება შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების განვითარება, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას, უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას უფრო მაღალი სტანდარტებით და მინიმუმამდე დაიყვანს ხელისუფლების მხრიდან პირადი ცხოვრების უფლების ბოროტად გამოყენების რისკს. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება იმგვარად, რომ დაცული იყოს გონივრული ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ქვეყნის და ადამიანის უსაფრთხოების ინტერესებს შორის. განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.