ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის ტელევიზიას, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე, ტრანსკასპიური დერეფნის როლსა და საჭიროებაზე არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტრანსკასპიური დერეფნის ხარისხი, ტრანსკასპიური კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, შესაბამისად, ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ტრანსკასპიური დერეფანი დააკავშირებს ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროკავშირს. საქართველოს გავლით ტვირთი შეიძლება წავიდეს თურქეთში ან პირდაპირ ევროპის ქალაქებში. ეს არის ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად. „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ მასშტაბური ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ინიციატივაა, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე ქვეყნებმა თავიანთი ინფრასტრუქტურა განავითარონ. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ნათლად ვხედავთ ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ზრდას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.