ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ ისრაელი ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ადმინისტრაციამ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ისრაელი არ შეაფერხებს ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუ ეს იქნება მხოლოდ საკვები, წყალი და მედიკამენტები ღაზის სექტორის სამხრეთით მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“.
ამასთან, ადმინისტრაციაში აზუსტებენ, რომ ღაზა ისრაელიდან ჰუმანიტარულ დახმარებას არ მიიღებს, სანამ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს.
ღაზაში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე ისრაელის თანხმობის შესახებ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.