მმართველი გუნდი მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში სასჯელის ლიბერალიზაციას გეგმავს. შესაბამისი დაპირება „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში დევს.
„მოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. პრევენციული პროგრამებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით - ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან არიდებას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.
გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამომრჩევლებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხითაც პირდება რეგულაციების შემუშავებას.
„სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავებს რეგულაციებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხით, განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან და დამოკიდებულ პირებთან მიმართებაში. გამკაცრდება სახელმწიფო კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე. გაძლიერდება პრევენციული საგანმანათლებლო კომპონენტი, რათა თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აზარტულ თამაშებში ჩაბმა", - აღნიშნულია საარჩევნო პროგრამაში.