ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებისთვის ჰუმანიტარულ პაუზას ითვალისწინებდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ადგილზე დიპლომატიური ძალისხმევის განსახორციელებლად მეტი დროა საჭირო.
რეზოლუცია ბრაზილიამ წარადგინა და მის ტექსტში დაგმობილი იყო „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები. დოკუმენტი ასევე მოუწოდებდა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ და ყველა მხარეს საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის ვალდებულების შესახებ შეახსენა. თუმცა, ტომას-გრინფილდის თქმით, აშშ იმედგაცრუებული იყო იმით, რომ რეზოლუციაში ისრაელის თავდაცვის უფლება არ იყო ნახსენები.
რუსეთის წარმომადგენელმა აშშ „თვალთმაქცობასა და ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულა, ჩინეთის ელჩმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონის ვეტოთი შოკირებულია.