"სალომე ზურაბიშვილი მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროტექციის, ლეგიტიმაციის ქვეშ და დღეს გაფორმდა ანტიქართული კოალიცია," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის მთელი პროცესი ისე წარიმართა, როგორც ამაზე მმართველი გუნდი თავიდანვე საუბრობდა.
„ოპოზიციის დამოკიდებულება სასაცილოა, საკუთარი თავის მოტყუების ფაზაში არიან გადასულები. რაც იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო, პირველივე ბრიფინგზე როდესაც თქვა ირაკლი კობახიძემ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო წარდგინებით შევალთ სასამართლოში, იქვე ითქვა, რომ ამ წარდგინებას პარლამენტში არანაირი პერსპექტივა არ ექნება 100 ხმის მოპოვების. ეს რა თქმა უნდა ჩვენ თავიდანვე ვიცოდით. სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ პროტექციით და ამ პროტექციის გამოსახულება დღეს ცარიელი ფლანგით ვიხილეთ კიდეც. ოპოზიცია მთელი ერთი თვე თავის თავს აბრაზებდა - აბა ვინ შევაო, ჩემს თითს ვენდო თუ არაო, დღეს ბარათებიც თან წაიღეს, ლამის სკამებიც კი წაიღეს. ამ მანკიერ წრეში ვართ საბოლოო ჯამში. ჩვენ რაც ვთქვით თავიდან, ზუსტად ისე მოხდა; ვთქვით, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კიდევაც; ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილს „პარლამენტში ნაციონალური“ მოძრაობის პროტექცია ექნება და დღეს ეს პროტექცია და ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისა“ გაფორმდა და დავინახეთ როგორ შედგა ანტიქართული კოალიცია. ოპოზიცია თავისთავად უსისტემოა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.