logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: ღია წერილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
- +

19 ოქტომბერი. 2023. 10:29

 

 

მონასტერში, ოფელია...

       ღია წერილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

 

 

 

ქალბატონო სალომე, თავი ისევ პრეზიდენტი გგონიათ?!

 

თუ გგონიათ, მაშინ ეს კითხვები დავსვათ:

 

ვისი პრეზიდენტი ბრძანდებით?

ვის მიმართავდით გუშინ?

 

გარეთ დადგომისკენ ვის მოუწოდებდით?!

 

რომელ ოპოზიციას?!

 

იმას, რომელმაც ყველაფერი გაკადრათ, რისი კადრებაც არ შეიძლებოდა?!

 

თქვენგან შეწყალებულ საწყალ გვარამიას მოუწოდებდით?!

 

თუ იმ ვაშაძეს, თქვენი გულწრფელობისა ახლაც რომ არ სჯერა და იმპიჩმენტი თქვენი და „ოცნების“ თამაში ჰგონია?!

 

თუ იმ „ქალთა კრებას“, აკაკის რომ არასოდეს დაესიზმრებოდა - კორძაიას, სამადაშვილს, წითლიძეს...

 

აი, ამათ პრეზიდენტად ნამდვილად გამოდგებოდით, რადგან „ერთ სულ და ერთ ხორც“...

 

ისე, ხომ არ ჩამოგეყალიბებინათ ამნაირ ქალთა კლუბი, რომლის პრეზიდენტობაც ნამდვილად დაგმშვენდებოდათ.

 

აი, საქართველოს პრეზიდენტობა ნამდვილად არ დაგმშვენდათ.

 

ვერც შეიფერეთ.

 

იმიტომ, რომ ეს საქართველოა.

 

იქნებ თქვენი ბრალიც არ არის, რომ ვერ გაიგეთ, რა არის საქართველო, რამ ათქმევინა ტიციანს ეს სიტყვები: „სჯობს, რომ არ გქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი“...

 

სამშობლო!

 

მინდა, გავიხსენო, როდის წარმოგითქვამთ ეს სიტყვა.

 

გუშინაც ასე თქვით, ამ ქვეყანაში აღარაფერი მიკვირსო.

 

ვერ მივისაკუთრებ, ეს კრიტიკოსმა და პოლიტიკოსმა თემურ ქორიძემ დაწერა: ნუ აკადრებთ საქართველოს ასეთ გამოთქმას, თქვენ რომ „ამ ქვეყანას“ უწოდებთ, ის ჩვენი სამშობლოაო.

 

მაგრამ თქვენ, ზვიად გამსახურდიას მოძულე, მისი თანამებრძოლის აზრს როგორ დაეთანხმებით?!

 

უბედურება ისაა, რომ არც იცით.

 

არც წაგიკითხავთ.

 

საერთოდ, რა წაგიკითხავთ, განსაკუთრებით ქართულად?!     

 

ხოლო სამშობლო რომ უმთავრესია, ეს თვითონ იმ გენიოსმა დაგვანახა, კოსმოპოლიტობა და მსოფლიო მოქალაქეობა ყველაზე მეტად რომ ეპატიებოდა, მაგრამ...

 

ნახეთ, რა გვითხრა ამ მართლაც გალაქტიკის ბინადარმა?!

 

„სამშობლო არ დაივიწყოთ, სამშობლო უმთავრესია!“

„უსამშობლოოდ, დე, ეს ღვინო გადმექცეს შხამად“...

„თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები, როგორც მგოსანს შეჰფერის“..

 

***

თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროსო...

 

თქვენ კი მოგეფერათ სამშობლო, რომელსაც „ამ ქვეყანას“ უწოდებთ“...

 

არათუ მოგეფერათ, პრეზიდენტადაც კი  აგირჩიათ.

 

თქვენ კი რით დაუფასეთ?!

 

სამშობლოს ავის მოსურნეებთან ზავის შეკვრით?!

 

ამბობენ, შვილების გამოო.

 

მათი კარიერის გულისთვინო(თქვენეული „ქართულით“ რომ ვთქვათ).

 

ჰო, მართლა, ქართული რით ვერ ისწავლეთ?!

 

დარწმუნებული ვარ, არც ის გეცოდინებათ, ვინ უწოდა ჩვენს ღვთაებრივ ქართულს „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“...

 

***

შვილების გამოო.

 

ამის გააზრება ყველაზე მეტად მიჭირს.

 

ეს განსაკუთრებით აუტანელია იმ ქვეყანაში, რომლის  კონდოტიერად თუ ტირანებად ცნობილმა შვილებმაც კი ქვეყანა(სამშობლო?) შვილებზე წინ დააყენეს და მსხვერპლადაც  შესწირეს.

 

ჯვარი ეწეროს თქვენს შვილებს, მაგრამ ჯვარი ვერ დაეწერება თქვენს პრეზიდენტობას იმ ქვეყანაში, სამწუხაროდ, თქვენს სამშობლოდ რომ ვერ იქცა.

 

უსამშობლობა კი ყველაზე დიდი სასჯელია ადამიანისათვის.

 

დე, ღვინოც შხამად გადამექცესო, - გალაკტიონმა.

 

თქვენ კი, უსამშობლოდ, პრეზიდენტობა გადაგექცათ შხამად.

 

და ახლა ვისღა მიმართავთ, ვისღა მოუწოდებთ „გარეთ დადგომას?!“

 

იმ ოპოზიციას, ყველაფერი რომ გაკადრათ, რისი კადრებაც არ შეიძლებოდა?!

 

იმათი პრეზიდენტობა ხომ ყველაზე დიდი სასჯელია?!

 

***

ვაი, რომ ისინი, ყოველმხრივ უსამართლონი, მხოლოდ თქვენს ლანძღვაში აღმოჩნდნენ მართალნი.

 

ეს ბედის სასტიკი განაჩენია.

 

უფრო ზუსტად, ღვთიური სამართალი.

 

მხოლოდ გალაკტიონის სიტყვებით თუ განუგეშებთ:

„წადი, წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია“...

 

სხვათა შორის, დღემდე ვერ მივმხდარვარ, რატომ უნდა წასულიყო შექსპირის ოფელია მონასტერში.

 

თქვენ რატომ უნდა წახვიდეთ, ეს ზუსტად ვიცი...

 

(გამოქვეყნებულია გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“ – 18. 10. 2023)

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner