26-27 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა.
ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. იგი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე.
2023 წლის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების ვიცე-პრემიერები, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სამთავრობო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ორდღიანი ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა.