„ვისაც უნდა, აჩვენოს პატივისცემა ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, უნდა აჩვენოს პატივისცემა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, ჩვენი მოლოდინია, რომ თუ იქნება ასეთ ვიზიტებზე მოთხოვნა, მოიკითხავენ არის თუ არა ნებართვა მთავრობისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს პატივისცემა გამოიხატება ქვეყნის კონსტიტუციის დაცვით.
„ამ სავარაუდო მოგზაურობებს აქვს მეორე მხარეც, ეს არის მიმღები მხარე. ასეთ დროს ის უხერხულობაში ჩააგდებს მიმღებ მხარეს. თუ აქამდე მისი ვიზიტების დროს ჩვენს მეგობრებს შეეძლოთ, ეთქვათ ან ამბობდნენ, რომ არის საკითხი, რომელიც ჯერ გარკვევას საჭიროებს ქვეყნის შიგნით, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არის მნიშვნელოვანი, რომ გავერკვეთო, 16 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ასეთი ვიზიტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ, მათი მხრიდან არ უნდა იყოს ხელშეწყობა ამ დარღვევისა. ჩვენ ველოდებით თანამეგობრობისგან დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნებისა, რომლის ნაწილიც გავხდით 30 წლის წინ, გავხდით იმიტომ, რომ გვინდოდა, გვქონოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი კონსტიტუცია, რომელსაც პატივს სცემდნენ სხვა სახელმწიფოები.
ჩვენი ქვეყნის პატივისცემა სხვების მხრიდან გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. თუ ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე, ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა სცენ ამას პატივი. ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს სცემს ბევრი ადამიანი და მათ შორის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც პატივს სცემდა. ეს არ არის საკმარისი. ვისაც უნდა, აჩვენოს პატივისცემა ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, უნდა აჩვენოს პატივისცემა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. ჩვენი მოლოდინია, რომ თუ იქნება ასეთ ვიზიტებზე მოთხოვნა, მოიკითხავენ არის თუ არა ნებართვა მთავრობის, თუ არ არსებობს ასეთი თანხმობა, უარი იქნება ნათქვამი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.