20-21 ოქტომბერს, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ორგანიზებით, „ბულვარის ფესტივალი 2023“ გაიმართება. ორდღიანი ფესტივალი საერთაშორისო კონფერენციას და კულტურულ-გასართობ ღონისძიებას მოიცავს. პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“, 20 ოქტომბერს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონში“ დაიწყება. კონფერენცია წარმოდგენილი იქნება ფორუმის სახით, სადაც პრეზენტაციებთან ერთად გაიმართება დისკუსიები ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით.
21 ოქტომბერს, 11:00 საათზე ფესტივალი სამოყვარულო ველომარათონით გაიხსნება. 12:00 საათიდან კი კოლონადის მიმდებარე ტერიტორია საფესტივალო სივრცედ გადაიქცევა, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდება. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება კოსტიუმირებული პერფორმანსი ბულვარის ისტორიის გაცოცხლებით, ძველი და თანამედროვე ბულვარის ამსახველი ფოტო-გამოფენა, ბულვარის საპრეზენტაციო კუთხე, მოეწყობა კინო ჩვენება, მხატვრების კუთხე, სამეწარმეო მარკეტი და ა.შ.
ფესტივალის ფარგლებში 17:00 საათზე, ახალრეაბილიტირებულ კოლონადასთან ბულვარის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
19:00 საათზე, მაყურებლის წინაშე ჯგუფი „SEASIDE”და ბენდი ,,SALIO”- წარსდგება. დასწრება თავისუფალია.